სიახლეები
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა რატი ბრეგაძემ წევრი სახელმწიფოების ასამბლეაზე
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში დღეს დაიწყო. მინისტრი ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.
„თხუთმეტი წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, რის შედეგადაც საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მოსამსახურეები მათ წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების მსხვერპლნი გახდნენ. ICC-ის პროკურორის ოფისთან ინტენსიური თანამშრომლობით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ. კერძოდ, 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ აგვისტოს ომის დროს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის და გამოიკვეთა რუსი გენერალ-მაიორის პასუხისმგებლობა. 2022 წლის 16 დეკემბერს ICC-ის პროკურორმა დაასრულა გამოძიება აგვისტოს ომში საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის თუ სხვა ნებისმიერი სახის გადაცდომის გამოვლენის გარეშე”, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
მინისტრის თქმით, საქართველოში დიდია მოლოდინი, რომ გამოცემული დაკავების ორდერები ოპერატიულად აღსრულდება.
იუსტიციის მინისტრმა სამართლის უზენაესობის და მსხვერპლთა დაცვის საკითხში ICC-ის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სასამართლოსთან სამომავლო თანამშრომლობის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.
მიმდინარე წლის 4-14 დეკემბერს ნიუ-იორკში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წესდების ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეა იმართება, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.