ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 01 ოქტომბერი, 2022
გაზიარება

რატი ბრეგაძე ირლანდიის პენიტენციური სისტემის გენერალურ დირექტორს შეხვდა

დუბლინში გამართული მინისტერიალის ფარგლებში რატი ბრეგაძემ დუბლინის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა და ირლანდიის პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ კარონ მაკკაფრის შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ თავისუფლებაშეზღუდული პირების უფლებების მაღალ დონეზე დაცვა სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია; პენიტენციური, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარება კი, სწორედ საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.

რატი ბრეგაძემ კარონ მაკკაფრის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიმართულებით პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგილი სიახლეები გააცნო. მასპინძელი მხარის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ციფრული უნივერსიტეტი და სპორტის მართვის სისტემა იყო. რატი ბრეგაძის მოწვევით ირლანდიის პენიტენციური სამსახურის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. ვიზიტის მიზანი ქართული გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა იქნება.

იუსტიციის მინისტრმა ირლანდიის პენიტენციური სისტემის გენერალურ დირექტორთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მცირე ზომის საპატიმრო დაწესებულებების მნიშვნელობაზეც. რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ასეთი ტიპის ციხე საქართველოში მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება.

იუსტიციის მინისტრი ირლანდიაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალზე იმყოფება. ღონისძიება ოჯახური, სექსუალური და გენდერული ძალადობის თემატიკაზე მსჯელობას ეძღვნება. See less

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდნენ

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო'ფლაჰერტის შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტებს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობას, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, დანაშაულის პრევენცია და პრობაცია, სასჯელის აღსრულება, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკოპოლიტიკა და სხვ.

ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობის მკვეთრად კლების ტენდენციასა და საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწევებზე.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორი ჯანკარლო კარდინალე და კომისრის მრჩევლები აგატა ნეიბოჯი და რომერ ლემატრი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

იუსტიციის სამინისტრო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას ევროპის საბჭოსთან საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.