ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 16 აგვისტო, 2023
გაზიარება

გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტში წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 14 აგვისტოს №923 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 30 აგვისტომდე. კონკურსის თაობაზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/80551?active=1
კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის არჩევნებში, რომელიც 2024 წელს გაიმართება.
ბავშვის უფლებათა კომიტეტი მონიტორინგს უწევს ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიან შესრულებას.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან ქვეყნებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან ქვეყნებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრაზე პაატა სალიამ მაკსატ მამიტკანოვს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. აღინიშნა, რომ უწყების პრიორიტეტებს შორისაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, აგრეთვე, პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივ სფეროებში.

ქართულმა მხარემ გამოხატა მზაობა, გაუზიაროს ყირგიზეთს გამოცდილება სერვისების ხელმისაწვდომობის სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმების მიმართულებით.
პაატა სალიამ მაკსატ მამიტკანოვი და ყირგიზეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 23-25 ივნისს გაიმართება.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა ივანიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა

დედის დღესთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლანა მორგოშია და თამარ ზოდელავა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრი ეკა ჭიჭინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

იუსტიციის მინისტრმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა სტუმრებს დაათვალიერებინეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი განახლებული სამკერვალო სივრცე, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება, ასევე, სილამაზის სალონი, ფიტნესდარბაზი და ბიბლიოთეკა, რომლებიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით ფუნქციონირებს.

ღონისძიების დასასრულს მსჯავრდებულებმა სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს.