ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 01 მარტი, 2024
გაზიარება

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა

მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება ევროპელ კოლეგებთან.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად იუსტიციის სამინისტრომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმიდან ორი პუნქტის – ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა (მე-6 პუნქტი) და სტრასბურგის გადაწყვეტილებების პროაქტიული გამოყენების (მე-11 პუნქტი) – შესრულებაში.

როგორც რატი ბრეგაძემ შეხვედრაზე განაცხადა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის დაჩქარება.

სწორედ სამართლებრივი დაახლოების თემაზე გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა ზაგრებში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში, სადაც განხილულ იქნა კონკრეტულად 23-ე თავით (მართლმსაჯულება და ფუნდამენტური უფლებები) გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების გზები და პროგრესი; ასევე:

  • პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ყველა სამთავრობო უწყებას ავალდებულებს, კანონპროექტების პარლამენტში ინიცირებამდე მიიღოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნა ევროკავშირის კანონპროექტთან შესაბამისობის შესახებ;
  • სამინისტრომ აამოქმედა ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აღრიცხავს, დაგეგმავს და შეაფასებს სამართლებრივი დაახლოების პროცესს;
  • შემუშავდა „საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების გზამკვლევი“;
  • იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი.

რატი ბრეგაძემ, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ქვეყნებთან სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავებას უწყებამ ჯერ კიდევ კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მიღებამდე ჩაუყარა საფუძველი. კერძოდ, 2023 წელს საქართველომ პირველ ქართულ-გერმანულ სამართლებრივ ფორუმს უმასპინძლა, ხოლო მიმდინარე წელს გერმანიაში რიგით მეორე გერმანულ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ჩატარდება.

შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბექერს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ აფასებს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას და მეგობრობას საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის და ევროპული ოჯახის წევრობის გზაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაციამ პენიტენციური დაწესებულებაც მოინახულა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

უძრავი ქონების სექტორში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიასთან - PRYPCO TECHNOLOGIES-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

უძრავი ქონების სექტორში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიასთან - PRYPCO TECHNOLOGIES-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას უძრავი ქონების ტოკენიზაციის მიმართულებით, რაც რეალური აქტივების ელექტრონულ ერთეულებად გარდაქმნას გულისხმობს.

აღნიშნული პროცესის მიზანია უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების წახალისება და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე უსაფრთხო, გამჭვირვალე და ინოვაციური პროცესების დანერგვა.

მემორანდუმს ხელი მოეწერა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ბოტსვანას რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან და ფინანსთა მინისტრთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბექა ძამაშვილმა, ლანა მორგოშიამ და გიორგი დგებუაძემ დელეგაციის წევრებს იუსტიციის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

დელეგაციის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იუსტიციის სახლის კონცეფციამ, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილებამ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, მათ შორის ციფრული მმართველობის და სახელმწიფო სერვისების მიწოდების განვითარების პროცესში. საუბარი ასევე შეეხო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას, ბიზნესზე ორიენტირებულ სერვისებსა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებს.

შეხვედრის შემდეგ, ბოტსვანას რესპუბლიკის დელეგაცია სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ მოდელს იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალში გაეცნობა.