სიახლეები
იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციების განხილვა გაიმართა
აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების ფარგლებში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს.
სამთავრობო უწყებებმა GRETA-ს სამდივნოს წარმომადგენლებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების პროგრესის თაობაზე; კერძოდ, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის; დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები; დაზარალებულთა და მოწმეთა დაცვის, აგრეთვე, ტრეფიკინგის დანაშაულის პრევენციის მექანიზმები. საუბარი შეეხო დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში პასუხისმგებელი უწყებების კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობასაც.
ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. კოორდინაციას პროცესს ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო უწევს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. საბჭოს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო – 2022 წლის ანგარიშითაც ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ტრეფიკინგთან ბრძოლის უმაღლეს საფეხურზეა.