ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 03 ნოემბერი , 2022
Share

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

სტრასბურგის სასამართლოს წინაშე გიორგი მამალაძე დაობდა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მტკიცებულებების („ნატრიუმის ციანიდის“) მოპოვების გარემოებების გამო. იგი, აგრეთვე, ასაჩივრებდა მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესის სრულად დახურვის საკითხს და ამტკიცებდა, რომ გენერალური პროკურატურისა და თანამდებობის პირების განცხადებების საფუძველზე დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების, მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა („ნატრიუმის ციანიდის“) და მათი სანდოობის კუთხით დარღვევა არ დაადგინა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოების დასკვნები მომჩივნის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. საგულისხმოა, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამორიცხულია მომწამლავი ნივთიერების „ჩადება“, როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის განაჩენი ეფუძნება საქმეში არსებულ არაერთ სხვა მტკიცებულებას, როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები, აუდიო- და ვიდეომასალა, კომპიუტერული მონაცემები და სხვა.

რაც შეეხება მომჩივნის სხვა მოთხოვნებს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ წარმოებული საქმის სხდომების სრულად დახურვა არ იყო მკაცრად აუცილებელი. კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, შიდა სასამართლოების მიერ სათანადოდ არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ შეიძლებოდა სხდომის ნაწილის საჯაროდ ჩატარება. ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნია ერთობლიობაში მომჩივნის წინააღმდეგ ცალკეული საჯარო განცხადებების გაკეთება და პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების ნაწილის საჯაროდ გამოქვეყნება, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიმართ გამოყენებულ იქნა ინფორმაციის გაუთქმელობის ვალდებულება.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული დარღვევები არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა თავად ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საქმისწარმოება მთლიანობაში იყო სამართლიანი, მომჩივნის ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია.

სხვა სიახლეები

Share
Print

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში დასრულდა

ფინალური ეტაპი 2-4 ივნისს, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა. მასში 100-მდე კონკურსანტიდან შერჩეული 6 საუკეთესო გუნდი და 18 სტუდენტი, მონაწილეობდა.


შეჯიბრის გამარჯვებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის გუნდი გახდა დავით ხვისტანის, ნაია სისაურისა და ციცი გიგოიძის შემადგენლობით. საუკეთესო მომხსენებლად კი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ მაღლაკელიძე დასახელდა.


გამარჯვებულები საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა საქართველოში ანნ მონტავონმა დააჯილდოვეს. ფინალური ეტაპის თითოეულ მონაწილეს კი სერტიფიკატები და თემატური ლიტერატურა გადაეცა.ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. სტუდენტური პროექტების ორგანიზებას საერთაშორისო სამართლის მიმართულებით იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც გაგრძელებს.

Share
Print

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაკისტანის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა გამართა

თამარ ტყეშელაშვილმა ასად მაჯიდ ხანთან ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ პაკისტანის დელეგაციას იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.

პაკისტანის მხარემ გამოთქვა სურვილი, გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება სერვისების მიწოდებისა და დიგიტალიზაციის კუთხით.
საუბარი, ასევე, შეეხო სახელმწიფო პოლიტიკას მიგრაციის მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთევან ბეთლემიძე, საქართველოში პაკისტანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბილალ ჰაიე და პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მე-3 ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ალი შაჰიდი.