სიახლეები

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრს შეხვდნენ
გერმანული დელეგაცია თბილისში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 2022-2025 წლების პროგრამის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც გასულ წელს ბერლინში საქართველოს და გერმანიის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია პენიტენციური სისტემა საქართველოში, რომელიც შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და ამ მხრივ ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება ძალზედ ღირებულია.
იუსტიციის სამინისტროს მიერ პენიტენციური სისტემის რეფორმის ახალი ტალღის დაწყებიდან დღემდე საქართველოს უკვე აქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები: ინფრასტრუქტურული პროექტების, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების, მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, თანამშრომელთა და პატიმართა პირობების გაუმჯობესების, პენიტენციური ჯანდაცვის შემდგომი განვითარების, პენიტენციურ სისტემაში IT ინფრასტრუქტურის გაძლიერების და თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდის კუთხით.
იუსტიციის სამინისტრომ, ასევე, შეიმუშავა ახალი პენიტენციური სტრატეგია და ახალი პენიტენციური კოდექსი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიდგომების დახვეწაა. ამასთან, შემუშავდა სპორტის მართვის სტრატეგია, რომელიც აყალიბებს პლატფორმას მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართვისთვის, რაც ცხოვრების ჯანსაღ წესსა და რეინტეგრაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს.
პენიტენციურ სისტემაში ახალი და ინოვაციური სერვისი „ონლაინ კლინიკა“ დაინერგა, რაც მსჯავრდებულებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე სწრაფ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
დაგეგმილია მცირე ზომის ახალი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა. მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება მცირე ზომის ლაითურის დაწესებულება, დაწყებულია მშენებლობა ქ. რუსთავში.
გერმანული მხარისთვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოში დანერგილი ინოვაციები – იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში, ონლაინ უნივერსიტეტი და ,,რე-მარკეტი“. გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრმა ბენიამინ ლიმბახმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლებში პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები აშკარად იგრძნობოდა უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს და მისასალმებელია საქართველოს მისწრაფება გაიზიაროს საუკეთესო ევროპული გამოცდილება.
სხვა სიახლეები
ნოტარიუსთა პალატა სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის 2023 წლის 27 სექტემბრის N230/ს ბრძანებით გამოცხადდა სტაჟიორთა კონკურსი. კონკურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2023 წლის 01 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ტესტირების ფორმით, ორ ეტაპად ჩატარდება.
I ეტაპი - ზოგადი უნარები, 1 ნოემბერი, 2023 წ.
II ეტაპი - პროფესიული ნაწილი, 15 ნოემბერი, 2023 წ.
სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
შენიშვნა: აპლიკანტს, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, კონკურსში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ) განაცხადი თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1ა);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი (ზომით 3X4).
რეგისტრაციის დასრულებამდე, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამოწმებს აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. თუ აპლიკანტის მიერ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, მას უფლება ეძლევა გამოასწოროს ხარვეზი რეგისტრაციის დასრულებამდე. რეგისტრაციის ვადა სრულდება კონკურსის ჩატარებამდე 5 დღით ადრე. ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განცხადებები აღარ მიიღება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა მითითებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: stajirebanotary@tcj.gov.ge ან იუსტიციის სასწავლო ცენტრის კომისიის სამდივნოში, მისამართი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N1.
საბუთების მიღება წარმოებს 2023 წლის 28 სექტემბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: stajirebanotary@tcj.gov.ge
საკონტაქტო პირები:
ქეთევან ზვიადაძე, ელ. ფოსტა: kzviadadze@tcj.gov.ge
საკონტაქტო ტელეფონი (+995 32) 294 22 65
მეგი ოდიშელიძე, ელ. ფოსტა: modishelidze@tcj.gov.ge
საკონტაქტო ტელეფონი (+995 32) 238 22 59
მოთხოვნები სტაჟირების გავლის მსურველი პირის მიმართ
„სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 ოქტომბრის N450 ბრძანების მე-3 მუხლის შესაბამისად:
ა) სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, ქმედუნარიან პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;
გამოცდის ფორმა და ეტაპები
პირველი ეტაპი - ზოგადი უნარები - 100 კითხვა, 2 საათი.
მეორე ეტაპი - პროფესიულ ნაწილში ტესტირება 100 კითხვა, 3 საათი.
საგამოცდო ტესტი შედგება 100 ტესტური დავალებისგან 4 სავარაუდო პასუხით, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
კანდიდატს, რომელიც ზოგადი უნარების ტესტში მიიღებს 70 ან მეტ ქულას, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს პროფესიული ნაწილის ტესტირებაში, ხოლო პროფესიული ნაწილის ტესტირებაში დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 75 ქულა.
კონკურსში გამარჯვებულად ითვლება პირი, რომელიც წარმატებით გაივლის ტესტირების ორივე ეტაპს თითოეულ ეტაპზე დააგროვებს განსაზღვრულ ქულას.
გამოცდის თარიღისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციისას წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე.
იხილეთ სტაჟიორთა გამოცდასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:
სტაჟიორთა კონკურსის საგამოცდო პროგრამა