ცხელი ხაზი2 405 505

უახლესი ვიდეოები

07.09.2022
Share

რატი ბრეგაძემ გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიულ კომიტეტთან კანონშემოქმედებით პროცესში სამომავლო თანამშრომლობა განიხილა

იუსტიციის მინისტრი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბექერს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბუბა ლომუაშვილი, ბექა ძამაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ესწრებოდნენ.

მინისტრმა შეხვედრისას განაცხადა, რომ მისთვის, როგორც კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულების უწყების ხელმძღვანელისთვის, განსაკუთრებით საინტერესოა ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტისა და იუსტიციის ფედერალური სამინისტროს თანამშრომლობის მიმართულებები.

შეხვედრისას იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ თანამედროვე ქართული სამართლებრივი სივრცე გერმანიაში დამკვიდრებული ფასეულობების გავლენით ჩამოყალიბდა. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს კანონმდებლობით რეგლამენტირებული სამართლებრივი ინსტიტუტებისა და მათი კომპონენტების გამოკვეთილი მსგავსება გერმანულ სამართლებრივ კონსტრუქციებთან. იუსტიციის მინისტრის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლობის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ მეცნიერებს, რომლებიც თავის დროზე სწორედ სამართლის გერმანულ სკოლას ეზიარნენ და მიღებული გამოცდილება გამოიყენეს საკანონმდებლო ბაზის მომზადებისას.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველოშიც, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, სამართალშემოქმედებით საქმიანობას, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან.

როგორც გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სამართლებრივი პოლიტიკა, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. „ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ. შეხვედრაზე გავეცანით იუსტიციის სამინისტროს მუშაობის სხვადასხვა მიმართულებას. მათ შორის ციფრულ სერვისებს. ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ და ვფიქრობ, ამას მომავალშიც სიამოვნებით გავაგრძელებთ“ - განაცხადა ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბექერმა.

რატი ბრეგაძემ ბუნდესტაგში გამართული შეხვედრის ბოლოს აღნიშნა, რომ მისთვის საინტერესოა გერმანული გამოცდილების გაზიარება და კვლევითი საქმიანობის გაცნობა. მინისტრის თქმით, უწყება მუშაობს პატიმრობის ახალ კოდექსზე და მნიშვნელოვანი იქნება თანამშრომლობის ფორმატში ამ საკითხზე გერმანული პრაქტიკის გაცნობაც.