ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 09 აპრილი, 2024
გაზიარება

ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორის დავაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმე“) რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ ფონზე მიმდინარეობს.

ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა სუვერენიტეტი, რამდენადაც სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს განუყოფელ ნაწილად არის აღიარებული და უკანონოა „ბორდერიზაციის“ პროცესი. შესაბამისად, უკანონოდ და ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოქმედი დე ფაქტო ორგანოების მხრიდან დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ბორდერიზაციის“ პირობებში განგრძობითად და სისტემურად ირღვევა შემდეგი უფლებები: სიცოცხლის უფლება, წამების/არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება უკანონო დაკავებების/პატიმრობის კონტექსტში, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, საკუთრებისა და განათლების უფლებები და მიმოსვლის თავისუფლება. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით:

  • რუსეთის მიერ სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) დარღვევას წარმოადგენს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ ეთნიკური ქართველების მკვლელობა, ისევე როგორც მათი გარდაცვალება მაშინ, როდესაც ისინი საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთას და ალტერნატიული გზებით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას აპირებდნენ პენსიის თუ მედიკამენტების მიღების მიზნით;
  • საოკუპაციო ხაზზე დაკავებული ეთნიკური ქართველების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და პირობები წარმოადგენს წამების/არასთანადო მოპყრობის აკრძალვის (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი) დარღვევას;
  • საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო ეთნიკური ქართველების ნებისმიერი დაკავება/პატიმრობა ავტომატურად არღვევს ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებულ თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას;
  • მავთულხლართების გაბმითა და „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად ეთნიკურ ქართველებს ეზღუდებათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების, საკუთარ სახლებზე, მიწებზე, სხვა საკუთრებასა და საფლავებზე წვდომა, რითაც განგრძობითად ირღვევა პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი), საკუთრების უფლება (ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი) და მიმოსვლის თავისუფლება (ევროპული კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);
  • ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვით ირღვევა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გარანტირებული მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აგრეთვე, მკაფიოდ აღინიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართული ენა არის მშობლიური ენა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სრულიად საქართველოს ულოცავს ამ ისტორიულ გამარჯვებას და მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზე აქტიური ჩართულობისთვის კიდევ ერთხელ მადლობას უხდის სახელმწიფო უწყებებს, განსაკუთრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა.

ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოა და „საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს“. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთათვის საამზომველო სამუშაოები და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფასოდ განხორციელა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსთა პალატის გამგეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასთან ერთად, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარესა და გამგეობის წევრებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნოტარიუსთა პალატის გამგეობის მოახლოებული არჩევნები იყო. შეხვედრაზე ისაუბრეს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებსა და სანოტარო სფეროს განვითარების სამომავლო ხედვებზე.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე სანოტარო სფეროს ციფრული განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და ინიციატივები.