ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2022
Share

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების რებრენდინგი დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები ოპერირებას იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ განაგრძობს. ინიციატივა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

საზოგადოებრივი ცენტრების რებრენდინგის შედეგად სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას 250-ის ნაცვლად 470-მდე სერვისს იუსტიციის სახლის ჩვეული სტანდარტით შესთავაზებენ.

„იუსტიციის სამინისტროს მიზანია, 2024 წლისთვის აღარ დარჩეს არცერთი მუნიციპალიტეტი, სადაც არ იქნება წარმოდგენილი იუსტიციის სახლი. სწორედ ამ მიზნით ამჟამად მიმდინარეობს იუსტიციის სახლის ხაშურის, ზესტაფონის, სუფსის, თერჯოლის, სამტრედიის და ახმეტის ფილიალების მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2022-23 წლებში. მომავალ წელს დაიწყება იუსტიციის სახლის მცხეთის, საგარეჯოს, ხელვაჩაურის, წალენჯიხის, ზოტის, ტოლების, შროშის, ცაიშის, დიდი დიღმისა და გლდანის ფილიალების მშენებლობა, რაც 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრების როგორც ინფრასტრუქტურული განახლება, ისე იუსტიციის სახლების სერვისების გათანაბრების პროცესი და თანამშრომელთა გადამზადება. რებრენდინგის პროცესის დასრულების შემდეგ მომსახურების ხარისხის საერთო სტანდარტი დაინერგება“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ.

საზოგადოებრივი ცენტრების რებრენდინგი მთელი საქართველოს მასშტაბით 88 საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობს და პროცესი ახალი წლისთვის დასრულდება. კაჭრეთის საზოგადოებრივი ცენტრი პირველია, რომელმაც ოპერირება იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ უკვე დაიწყო.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რეგიონსა და დედაქალაქში მომუშავე თანამშრომლების ხელფასები გათანაბრდა.

ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 იუსტიციის სახლი, 88 საზოგადოებრივი ცენტრი და 6 მობილური იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.

სხვა სიახლეები

Share
Print

რატი ბრეგაძემ დუბლინში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმდინარე პროექტები და ახალი ინიციატივები გააცნო

იუსტიციის მინისტრი სამინისტროს წარმომადგენლებთან და ირლანდიაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ზურაბაშვილთან, ერთად დუბლინში ქართული დიასპორის წევრებს შეხვდა და საკვირაო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.


საუბარი შეეხო დიასპორასა და სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობებს და საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტერესებზე მორგებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და პროექტებს.
ირლანდიაში მცხოვრებმა ქართველებმა კმაყოფილება გამოთქვეს პასპორტებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების საფასურის შემცირებასთან დაკავშირებით.


მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს დიასპორის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.

Share
Print

რატი ბრეგაძე ირლანდიის პენიტენციური სისტემის გენერალურ დირექტორს შეხვდა

დუბლინში გამართული მინისტერიალის ფარგლებში რატი ბრეგაძემ დუბლინის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა და ირლანდიის პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ კარონ მაკკაფრის შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ თავისუფლებაშეზღუდული პირების უფლებების მაღალ დონეზე დაცვა სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია; პენიტენციური, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარება კი, სწორედ საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.

რატი ბრეგაძემ კარონ მაკკაფრის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიმართულებით პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგილი სიახლეები გააცნო. მასპინძელი მხარის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ციფრული უნივერსიტეტი და სპორტის მართვის სისტემა იყო. რატი ბრეგაძის მოწვევით ირლანდიის პენიტენციური სამსახურის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. ვიზიტის მიზანი ქართული გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა იქნება.

იუსტიციის მინისტრმა ირლანდიის პენიტენციური სისტემის გენერალურ დირექტორთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მცირე ზომის საპატიმრო დაწესებულებების მნიშვნელობაზეც. რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ასეთი ტიპის ციხე საქართველოში მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება.

იუსტიციის მინისტრი ირლანდიაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალზე იმყოფება. ღონისძიება ოჯახური, სექსუალური და გენდერული ძალადობის თემატიკაზე მსჯელობას ეძღვნება. See less