ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 24 ნოემბერი, 2023
გაზიარება

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე ეროვნული სიმულაციური ტრენინგი განხორციელდა

რიგით მეორე ეროვნული სიმულაციური ტრენინგის – „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“ – დახურვის ღონისძიება გაიმართა.

ეროვნული სიმულაციური ტრენინგის მიზანი მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომისა და უწყებათაშორისი კოორდინაციისა და თანამშრომლობის განხორციელების მიმართულებით სფეროში დასაქმებული პრაქტიკოსების უნარ-ჩვევების ამაღლებაა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დანაშაულის დროულ გამოვლენასა და მსხვერპლთა/დაზარალებულთა საზოგადოებაში ეფექტიან ინტეგრაციას.

ტრენინგი უნიკალური შესაძლებლობაა გამომძიებლებისთვის, პროკურორებისთვის, შრომის ინსპექტორებისთვის, იურისტებისთვის, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის, სიმულაციურად შექმნილ, მაქსიმალურად რეალურ და, ამავდროულად, უსაფრთხო გარემოში ჩაერთონ ადამიანით ვაჭრობის შემთხვევის გამოვლენისა და მასზე შემდგომი რეაგირების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, სადაც სიმულაციური ტრენინგი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სწავლების ერთ-ერთ წარმატებულ მეთოდად დაინერგა. პირველი ტრენინგი 2022 წელს ჩატარდა. წელს საქართველოში მეორედ განხორციელდა მსგავსი სწავლება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველო უკვე მე-9 წელია, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო, 2023 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო არაერთი ევროპული ქვეყნის გვერდით კვლავ ინარჩუნებს ადგილს შეფასების უმაღლეს საფეხურზე, ე.წ. პირველ კალათაში.

ღონისძიება საქართველოში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ეროვნული სიმულაციური ტრენინგი გაიმართა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. მისი პარტნიორები არიან: იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, შრომის ინსპექციის სამსახური, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სიმულაციური ტრენინგი 20 ნოემბერს დაიწყო და 24 ნოემბერს დასრულდა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით ნიუ-იორკში სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2026 წლის 23-25 ივნისს თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გაერო-ში სპეციალური შეხვედრა გამართა.

პაატა სალიამ გაერო-ში აკრედიტებული ელჩები და CEPA-ს წევრები ფორუმზე მიიწვია და მათ ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ფორუმის მასპინძლობა არის აღიარება იმ რეფორმებისა, რომლებიც საქართველომ განახორციელა ხელმისაწვდომი, ეფექტური და ინოვაციური საჯარო სერვისების განვითარების კუთხით.

დელეგატებმა მასში მონაწილეობის ინტერესი გამოხატეს. მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრის მონაწილეებს ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

სართაშორისო ფორუმი თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება. მას 500-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის სახელმწიფო მოხელეები, თემატური ექსპერტები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ილზე ბრანდს ქერისსთან შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აქვს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პენიტენციურ სისტემას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან და წარმატებულ ინსტიტუციას ადამიანის უფლებების მაღალ დონეზე დაცვის მიმართულებით. საერთაშორისო შეფასებებით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არის წამებისგან თავისუფალი გარემო, სადაც პატიმრებზე ზრუნვა და მათი პირობების მუდმივი გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი.
მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და მათი საჭიროებების გათვალისწინება გარანტირებულია საჯარო სერვისების მიწოდების პროცესშიც. დიგიტალიზაციისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვით, სახელმწიფო სერვისები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და გაეროს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რაც 2025 წელს გაფორმებული 5-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში კიდევ უფრო გაღრმავდა და ინტენსიური გახდა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ესწრებოდნენ.