ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 08 აგვისტო, 2026
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობის თავმჯდომარე და წევრები აირჩია

ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობის თავმჯდომარე და წევრები აირჩია. არჩევნები ფარული კენჭისყრით, ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამით ჩატარდა. გამგეობის თავმჯდომარის არჩევნებში ხმათა უმრავლესობით ნოტარიუსმა დავით იმნაძემ გაიმარჯვა.

თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და გამგეობის წევრობის კანდიდატებმა ნოტარიუსებსა და მოწვეულ სტუმრებს სანოტარო სფეროს შემდგომი განვითარების და ახალი ინიციატივების შესახებ საკუთარი სამოქმედო პროგრამები წარუდგინეს.

საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ნოტარიუსის მნიშვნელოვან როლს სამართლებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაში. მან ყურადღება გაამახვილა პალატის საერთაშორისო თანამშრომლობისა და ევროპულ სანოტარო სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2024 წელს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრდა.

პაატა სალიამ ეკატერინე ნანდოშვილს სანოტარო სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ნოტარიუსებს სიტყვით მიმართა, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ, რომელმაც 2023-2026 წლებში ნოტარიატის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ამ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები: განახლდა ნოტარიუსთა პალატის წესდება, ცვლილებები შევიდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში, ჩამოყალიბდა პალატის ახალი სტრუქტურა და შეიქმნა ახალი ელექტრონული სანოტარო რეესტრი.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ მისასალმებელ სიტყვაში ნოტარიატის განვითარების, სანოტარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საერთო კრებას სამინისტროს წარმომადგენლები, ნოტარიუსები და ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდა


სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდა. ორდღიანი ღონისძიების შედეგები, რომელსაც 50-მდე ქვეყნის იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, ადვოკატები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა შეაჯამა.

სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. სამიტის დახურვის ცერემონიალზე მან მადლობა გადაუხადა დელეგატებს ნაყოფიერი დისკუსიისათვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას სამართლებრივი სისტემებისა და ინსტიტუციების ეფექტიანობისათვის.

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა ალბანეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ ტონი გოგუსთან და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივან თეოდორა სტოიანთან. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს ადამიანის უფლებების, სერვისების ხელმისაწვდომობის, ციფრული ტრანსფორმაციის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების მიმართულებით.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.