ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 16 მარტი, 2023
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს განცხადება

საზოგადოების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.

თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტების მენეჯერად.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა სსიპ „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის თანამდებობას.

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა, რითაც სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია და მომჩივნის პრეტენზიები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.

საქმე უკავშირდებოდა 2016-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს და ეხებოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორის, ქეთევან ჯაშის საჩივარს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ეროვნულ დონეზე არ აღსრულდა.

მიუხედავად აღნიშნული პრეტენზიებისა, სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სათანადო გულისხმიერებით იმოქმედეს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები გაატარეს. აღსრულების პროცესში მომჩივანს შეეთავაზა გონივრული ალტერნატიული გადაწყვეტა, რაზედაც მან უარი განაცხადა.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი განჩინებით ცალსახად დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პროცესები წარმართეს ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით.