ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 10 აპრილი, 2023
გაზიარება

საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის საკითხზე სტუდენტებთან დისკუსია გაიმართა

საჯარო ლექციათა ციკლი თემაზე „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“ გრძელდება. იუსტიციის სამინისტროში ლექციას უძღვებოდა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიკოლაიშვილი.

მომხსენებელმა ოკუპაციის შედეგებსა და დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ რთულ და წარმატებულ ბრძოლას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგსა და ჰააგაში აწარმოებდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

სხვა საკითხებთან ერთად, სტუდენტებს, ასევე, განემარტათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს შემდგომი დეოკუპაციისა და სუვერენიტეტის დაცვისათვის იმ ფაქტებს, რომ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოები აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ადასტურებენ რუსეთის მიერ ოკუპაციას.

ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რის ფარგლებშიც მომხსენებელმა უპასუხა სტუდენტების კითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.

საზოგადოებასთან პირისპირ კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. საჯარო ლექციების ციკლი 2022 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა“ 5 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა“ 5 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროცესში ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა 2020 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტები გააცნო.
ღონისძიებაზე ცენტრის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. ცენტრის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ხელშეწყობა, მათთვის პროფესიული კურსებისა და დასაქმების პროგრამების შეთავაზება და განხორციელება.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, პირველ მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან და მოადგილესთან, თამარ ზოდელავასთან ერთად, კამბოჯის ტელეკომუნიკაციების მინისტრ ჩეა ვანდეტს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, პირველ მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან და მოადგილესთან, თამარ ზოდელავასთან ერთად, კამბოჯის ტელეკომუნიკაციების მინისტრ ჩეა ვანდეტს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსთვის ციფრული ტრანსფორმაცია სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობაზე, რომელიც სამინისტროს სისტემაში ახორციელებს ციფრული მმართველობის, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას, ასევე, უზრუნველყოფს IT სისტემების განვითარებასა და მხარდაჭერას.

საუბარი შეეხო უძრავი ქონების რეგისტრაციის სისტემაში დანერგილ ტექნოლოგიურ ინოვაციებს, მათ შორის, გონიერი კონტრაქტის გამოყენების პრაქტიკასა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ინტეგრაციას, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად უსაფრთხოდ განახორციელონ ქონებრივი ტრანზაქციები.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს სახელმწიფო სერვისებში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრის დასასრულს პაატა სალიამ კამბოჯის ტელეკომუნიკაციების მინისტრი თბილისში დაგეგმილ გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 23-25 ივნისს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება.