ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 18 ოქტომბერი , 2024
გაზიარება

„იუსტიციის აუდიტორიამ“ ამჯერად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს უმასპინძლა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებულმა „იუსტიციის აუდიტორიამ“ იუსტიციის სამინისტროს საჯარო ლექციას უმასპინძლა. სტუდენტები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმდინარე და დასრულებულ რეფორმებს გაეცნენ.

სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ; დეტალურად გაეცნენ რეფორმის წარმატებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, რომელთა მიხედვითაც, სააგენტომ 1 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი უკვე აზომა და 1 000 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დაარეგისტრირა. შედეგად, 1 000 000-ზე მეტი მოქალაქე (ქვეყნის მოსახლეობის 30%) რეგისტრირებული მესაკუთრეა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის გარდა, სტუდენტები ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნენ, როგორიცაა: „დამისამართებული საქართველო“, „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი“ და სხვა.

საუბარი შეეხო სააგენტოს ინოვაციურ ციფრულ პროექტ „გონიერ კონტრაქტს“, რომელიც მხარეებს საშუალებას აძლევს, ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება ციფრულ ფორმატში განახორციელონ და ქონება ელექტრონულად საჯარო რეესტრში მისვლის გარეშე დაცულად დაირეგისტრირონ. ამ პროექტს იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

ლექციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე უძღვებოდა. სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოხატეს როგორც მიმდინარე რეფორმების, ისე სააგენტოში დასაქმების საკითხების მიმართ. შეხვედრის დასასრულს, საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა და სტუდენტებს საქმიანობაში წარმატება უსურვა.

პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 14 მარტს ამოქმედდა. „იუსტიციის აუდიტორია“ ითვალისწინებს სტუდენტების ჩართულობისა და სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, სტუდენტური პროექტების ხელშეწყობასა და საჯარო სამსახურის პოპულარიზაციას; ასევე, იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პროცესში სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეებისა და მომავალი იურისტების ჩართულობას, რაც უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია

საქმეზე „დავით კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ბრიფინგი ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა, გამართა.

“სასამართლომ დაადგინა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობის თანხა, კერძოდ 5 მილიონ სამოცი ათასი ევრო, რაც დღევანდელი კურსით შეადგენს დაახლოებით 15 მილიონ ლარს. სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ იყო დასაბუთებული და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა კეზერაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი სქემის შესახებაც:

„კეზერაშვილმა მისი თავდაცვის მინისტრობის დროს, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე, კანონმდებლობის დარღვევით 1 დღეში გააფორმა ფიქციური ხელშეკრულება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიასთან ქართული ჯარის საბრძოლო წვრთნის თაობაზე. მეტიც, აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის გვერდის ავლით. სინამდვილეში ქართული ჯარის არავითარი წვრთნა არ ჩატარებულა და შედეგად, მიზანმიმართულად გაიფლანგა ქართული ჯარისთვის კუთვნილი თანხა 5 მილიონ სამოცი ათასი ევროს ოდენობით!“

ანრი ოხანაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სტრასბურგის სასამართლომ კეზერაშვილს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი უთხრა: „ქართულის ჯარის გაძარცვით გამდიდრებული კეზერაშვილი სტრასბურგში დამატებით ითხოვდა სახელმწიფოსგან 15 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა. სტრასბურგის სასამართლომ, მთლიანობაში, დაადასტურა კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და ამით აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება“.

იუსტიციის მინისტრმა ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ ჯარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიღწეული გამარჯვება მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს, ვინც იცავდა საქართველოს ინტერესებს სტრასბურგში და მოუწოდა ევროპელ პარტნიორებს, გამოხატონ რეაქცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

„ვულოცავ ჩვენ სახელმწიფოს, ქართულ ჯარსა და ჩვენს საზოგადოებას ევროპულ სასამართლოში ამ ღირსეულ გამარჯვებას!.. მადლობა იუსტიციის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს იცავდნენ ევროპულ სასამართლოში. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს ამ საქმეზე მჭიდრო კოორდინაციისათვის. დაველოდებით ევროპელ კოლეგებს, იმ რეზოლუციების ავტორებს, რომლებმაც კეზერაშვილი წარმოაჩინეს მედიამენეჯერად და მედიაზე მზრუნველად, როგორი რეაგირება ექნებათ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ამ პირთან დაკავშირებით“, ‒ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.