ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 01 მაისი, 2023
გაზიარება

ევროკავშირის სამართალთან ქართული კანონმდებლობის დაახლოების პროცესის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ცვლილების მიზანია ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესის ეფექტიანი კოორდინაცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ ევროპული პერსპექტივის მიღების შემდეგ.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შედეგად, თუ პროექტი შემუშავებული იქნება ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა გახდება სავალდებულო საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარსადგენ კანონპროექტებზე; საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტებსა და სხვა ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტებზე.

გარდა ამისა, ნორმატიული აქტის მიმღები/გამომცემი ორგანო, რომლის ნორმატიული აქტი არ დაექვემდებარება სავალდებულო სამართლებრივ ექსპერტიზას, უფლებამოსილი იქნება, ნორმატიული აქტის პროექტი ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის თაობაზე სარეკომენდაციო ხასიათის სამართლებრივი დასკვნისათვის გადასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

საკომიტეტო განხილვაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიღება ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდნენ

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო'ფლაჰერტის შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტებს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობას, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, დანაშაულის პრევენცია და პრობაცია, სასჯელის აღსრულება, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკოპოლიტიკა და სხვ.

ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობის მკვეთრად კლების ტენდენციასა და საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწევებზე.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორი ჯანკარლო კარდინალე და კომისრის მრჩევლები აგატა ნეიბოჯი და რომერ ლემატრი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

იუსტიციის სამინისტრო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას ევროპის საბჭოსთან საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.