ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი, 2024
გაზიარება

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში იუსტიციის სახლი აშენდება

ორპირის მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისს კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღებს. სოფელში, რომელსაც დღეს მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება, მალე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება.

ფილიალისათვის გამოყოფილი ტერიტორია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მოინახულეს.

სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით, იუსტიციის სახლების რაოდენობა 2012 წლის შემდეგ 12-იდან 121-მდე გაიზარდა, მათგან 24 ფილიალი უშუალოდ იმერეთის რეგიონში ფუნქციონირებს. დაინერგა ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი", რომელიც სერვისს რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მდებარე 90 სოფლის, მათ შორის, იმერეთის 15 სოფლის მოსახლეობას აწვდის.

უახლოეს დღეებში გაიხსნება თერჯოლისა და შროშის იუსტიციის სახლები. 2028 წლამდე კი ფილიალების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 133-მდე გაიზრდება.

ორპირში იუსტიციის სახლის მშენებლობის ადგილას იმყოფებოდნენ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა და ანდორის სამთავროს ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა მარკ როსელ სოლერმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული მმართველობის, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.

ხელმოწერის ღონისძიება დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას იუსტიციის სფეროში.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მრჩეველი ლევან კასრაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი სამირ აბდურაჰიმოვი და საელჩოს ატაშე როიალ ფაშაევი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.