ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 11 სექტემბერი, 2024
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელშიც EPTA-ს წევრი ოცდაათამდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ

იუსტიციის სამინისტრო და სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიურ კონფერენციას ორგანიზაციის თავმჯდომარის ეგიდით მასპინძლობენ.

კონფერენცია სასჯელაღსრულების სისტემაში განათლებისა და პრაქტიკის განვითარების საკითხებს ეძღვნება.

მინისტრმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სასჯელაღსრულების სისტემის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივი მართლწესრიგის და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ქართულ პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა.

„ციფრული უნივერსიტეტი“ პატიმრებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის;

დასაქმებული პატიმრები და მაღაზია „რე-მარკეტი“, სადაც მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქცია იყიდება;

ქართული ინოვაცია – იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებიც მსჯავრდებულებისთვის სახელმწიფო სერვისზე წვდომას უზრუნველყოფს – ეს ის საკითხებია, რომლებზეც რატი ბრეგაძემ თავის გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა პენიტენციური კოდექსის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოდექსი განსაკუთრებულ პირობებს ქმნის როგორც მსჯავრდებულებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის.

„სახელმწიფოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ ყველაზე უკეთ გაიზომება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციით და პენიტენციური კოდექსი ქმნის ნამდვილად განსაკუთრებულ პირობებს, ასევე, ეხმარება თანამშრომლებს, აუმჯობესებს მათ სოციალურ პირობებს, რომ აღასრულონ სასჯელი ადამიანის უფლებების სრული დაცვით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობაა.

„ჩვენ მივყვებით იმ ტრენდს, რასაც ჰქვია პენიტენციურ სისტემებში მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა. ლაითურის მცირე ზომის დაწესებულების გახსნიდან ერთი წლისთავზე ჩვენ გავხსნით მცირე ზომის მეორე დაწესებულებას რუსთავში, რომელიც გათვლილი იქნება, მაქსიმუმ, 200 მსჯავრდებულზე. პენიტენციურ სისტემაში მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სათანადოდ მომზადებული ოფიცრები და თანამშრომლები, რის უზრუნველსაყოფადაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაკეთდა ახალი სტრუქტურა, რომელიც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მომზადებას ემსახურება; შეიქმნა სააკაძის ახალი ბაზა; დიდი ყურადღება ეთმობა სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალი სასწავლო პროგრამები მორგებულია პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების საჭიროებებზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა და ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპული ორგანიზაცია „EUROPRIS“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გუსტავ ტალვინგმა.

„საქართველო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო და ძალისხმევა, რომელსაც გაართვა თავი ქვეყანამ, ძალიან შთამბეჭდავია, თუ როგორ შეძლო ამ პერიოდიდან გამოსვლა. ბატონო ბრეგაძე დიდი მადლობა ნდობისთვის, იმისთვის, რომ EUROPRIS-ს და EPTA-ს უწყობთ ხელს და კიდევ უფრო დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ უწყვეტად ცდილობთ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს“, - განაცხადა გუსტავ ტალვინგმა.

3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში სტუმრები ეწვევიან №16 პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც დაათვალიერებენ პატიმრებისთვის შექმნილ მცირე საწარმოებს; ესტუმრებიან სააკაძის სასწავლო ბაზას, სადაც მათთვის საჩვენებელი წვრთნები გაიმართება და გაეცნობიან იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკას.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარე 2023 წელს ერთი წლის ვადით გახდა. EPTA 2010 წელს დაარსდა და მასში ევროპის 36 სასწავლო ცენტრია გაერთიანებული. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.

თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტების მენეჯერად.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა სსიპ „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის თანამდებობას.

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა, რითაც სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია და მომჩივნის პრეტენზიები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.

საქმე უკავშირდებოდა 2016-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს და ეხებოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორის, ქეთევან ჯაშის საჩივარს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ეროვნულ დონეზე არ აღსრულდა.

მიუხედავად აღნიშნული პრეტენზიებისა, სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სათანადო გულისხმიერებით იმოქმედეს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები გაატარეს. აღსრულების პროცესში მომჩივანს შეეთავაზა გონივრული ალტერნატიული გადაწყვეტა, რაზედაც მან უარი განაცხადა.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი განჩინებით ცალსახად დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პროცესები წარმართეს ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით.