ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 28 დეკემბერი , 2021
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „თავდაცვის მინისტრის მოადგილეობის დროს მკურნალობის მიზნით თავად ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში; ეს არის ნამდვილად არაჩვეულებრივი, პატრიოტი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება“

„დარწმუნებული ვარ, რომ იქ ყველა პროცედურა არის დაცული. მე თავად გახლდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მათ შორის, მკურნალობის მიზნითაც ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში გარკვეული პერიოდით და, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი თითოეულ ექიმს და, ზოგადად, სამედიცინო პერსონალს, ვინც მუშაობს ამ დაწესებულებაში. ეს არის ნამდვილად არაჩვეულებრივი, პატრიოტი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება და, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მოქმედებენ ყოველთვის პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა სამედიცინო პერსონალმა შეიძლება იქ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება, არის, უბრალოდ, სირცხვილი.

„ყოველთვის უნდა ახსოვდეს მათ, ვინც მსგავსი ტყუილების გავრცელებას ცდილობს, თუ რას ემსახურებოდა ეს ხალხი 2008 წლის ომიდან დაწყებული დღემდე. ისინი ემსახურებიან ჩვენს ჯარს, რომელიც ძალიან გვეამაყება, და ამიტომ ძალიან გთხოვთ, ყველამ შეიკავოს თავი ყოველგვარი სპეკულაციისაგან. და მე რომ ვიყო მათი ადვოკატების ადგილზე, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი იმ მკურნალობისა და ღვაწლისთვის, რაც გამოიჩინეს კონკრეტულად ამ პატიმრის მიმართ. ეტყობა, ეს არის მადლიერების ახალი ფორმა, რომელსაც მიმართავენ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ კურმანკულ ზულუშევს შეხვდა

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.