სიახლეები

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური ღონისძიების თემატურ სესიებში მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიებსა და დისკუსიებში მონაწილეობს.
სესიის ფარგლებში საქართველომ მხარი დაუჭირა ეფექტიანი მიწის ადმინისტრირების ჩარჩოს (Framework for Effective Land Administration – FELA) შემდგომ განვითარებას, ასევე, ეფექტიანი მიწის ადმინისტრირების ჰაბის შექმნის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და მიწის ადმინისტრირების სისტემების გაძლიერებას.
მიწის ადმინისტრირებისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის საფუძველზე, საქართველომ გამოთქვა მზაობა, შეუერთდეს გაერო-ს ახლად შექმნილ მიწის ადმინისტრირებისა და მართვის ექსპერტთა ჯგუფს (Expert Group on Land Administration and Management – EG-LAM), რომელიც გლობალურ დონეზე მიწის ადმინისტრირების პოლიტიკის, ძირითადი მიდგომებისა და განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.
ჯგუფში საქართველოს ჩართულობა ქმნის შესაძლებლობას, ქვეყნის გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა გამოყენებულ იქნეს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და შემდგომი დღის წესრიგის ფორმირების პროცესში.
UN-GGIM-ის მე-16 სესიაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის მზარდ როლს მიწის ადმინისტრირებისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის საერთაშორისო პროცესებში, ამასთან, ხელს უწყობს საქართველოს ექსპერტული გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
სხვა სიახლეები
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა.
ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოა და „საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს“. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთათვის საამზომველო სამუშაოები და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფასოდ განხორციელა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.
Geo
Eng