ცხელი ხაზი2 405 505

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის დახვეწისა და განვითარების მიზნით, 2020 წლის 16 იანვარს იუსტიციის მინისტრის N494 ბრძანებით დამტკიცდა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი (შემდგომ - „ცენტრი“).

ცენტრი ახორციელებს ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების მონიტორინგს, თემატური კვლევებისა და ანგარიშების მომზადებას. ამასთან, თანამშრომლობს თემატურ უწყებებთან, სააგენტოებთან და ორგანიზაციებთან როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ცენტრი შექმნილია ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომ - „საბჭო“) ფარგლებში და მას ხელმძღვანელობს საბჭოს მდივანი (იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი).

ცენტრი დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებისაგან და აერთიანებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციის, მკურნალობა/რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების, მიწოდების შემცირების, ადიქტოლოგიის, სოციოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის როგორც მუდმივ, ისე მოწვეულ სპეციალისტებს.

ცენტრი ყოველწიულად ამზადებს ნარკოვითარების ანგარიშს, რომელშიც ასახულია საქართველოში ერთი წლის განმავლობაში არსებული ნარკოვითარება. ანგარიში აგებულია EMCDDA-ს სტანდარტების შესაბამისად და იძლევა საიმედო, შედარებითი და ფაქტობრივი მონაცემების ანალიზის შესაძლებლობას. 2023 წლის მდგომარეობით ცენტრმა უკვე მოამზადა სამი - 2019, 2020 და 2021 წლის ანგარიშები. ამასთან, ცენტრი პერიოდულად ატარებს თემატურ კვლევებს ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. ამ დროისთვის ცენტრმა ჩაატარა:

  • ალკოჰოლსა, თამბაქოსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე ზოგადი მოსახლეობის კვლევა (GPS);
  • სამკურნალო დაწესებულებათა ევროპული კვლევა (EFSQ);
  • ევროპული ვებ გამოკითხვა ნარკოტიკებზე(EWSD);
  • საკანალიზაციო წყლების ანალიზი (Wastewater analyses);
  • ტენდენციების კვლევები, - COVID-19-ის გავლენის შეფასება საქართველოს ნარკობაზარზე, ნარკოტიკების მომხმარებლებსა და მათთვის საჭირო სერვისებზე (2020) და უკრაინის ომის გავლენის შეფასება ნარკოტიკული საშუალებების არალეგალურ ბაზარსა და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სერვისებზე (2022).

ცენტრი აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მაღალი სანდოობის მქონე ინფორმაციის შეგროვების მიზნით დანერგოს და განავითაროს EMCDDA-ის საკვანძო ინდიკატორებზე მონაცემების შეგროვების მექანიზმები.

ნარკოვითარების წლიური ანგარიშების რეკომენდაციების საფუძველზე ასევე, შექმნილია თემატური სამუშაო ჯგუფები, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს უწყებათაშორისი თანამშრომლობა და ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირება.

მიმაგრებული დოკუმენტები