ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 17 ნოემბერი , 2022
Share

იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პრაქტიკული ასპექტები და, ამ კანონის თანახმად, 2 წლის განმავლობაში საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება – ეს ძირითადი საკითხები იყო იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ბიზნესასოციაციის მსჯელობის საგანი.

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე, რომლებმაც მეწარმეებთან ერთად დეტალურად განიხილეს „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციასთან დაკავშირებული სიახლეები და იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული ბიზნესისთვის საინტერესო სხვა საკითხები.

„მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონში ასახულია ევროკავშირის დირექტივები და მრავალი საკითხი ახლებურადაა დარეგულირებული. საჯარო რეესტრში სამეწარმეო საკითხების რეგისტრაციის მიმართულებით ამ ახალ ნორმებზე მორგებული ერთგვაროვანი პრაქტიკა ყალიბდება. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს ახალი კანონის ნორმების ჯეროვნად აღსრულებაში.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მეწარმე სუბიექტებისთვის ახალი კანონით განსაზღვრული მომსახურება დანერგა; შემუშავდა და დამტკიცდა სამეწარმეო საზოგადოებების სტანდარტული წესდებები, რომლებიც ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის და ამარტივებს სარეგისტრაციო პროცესს; შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პორტალი, სადაც ქვეყნდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო დოკუმენტები“, – აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა.

საჯარო რეესტრის თავმჯდომარესთან ერთად მან 2 წლის განმავლობაში საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„გავაცანით მეწარმეებს სტატისტიკაც და ვთხოვეთ მეტი აქტიურობა ხელახალი რეგისტრაციის დროულად განხორციელების მიზნით. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კი, თავის მხრივ, აქვს სრული მზაობა როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და ხელი შეუწყოს ბიზნესს სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელებაში“, – განმარტა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

შეხვედრის ბოლოს აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც მზად არის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოოს ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია სარეგისტრაციო მიმართულებით მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

სხვა სიახლეები

Share
Print

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში დასრულდა

ფინალური ეტაპი 2-4 ივნისს, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა. მასში 100-მდე კონკურსანტიდან შერჩეული 6 საუკეთესო გუნდი და 18 სტუდენტი, მონაწილეობდა.


შეჯიბრის გამარჯვებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის გუნდი გახდა დავით ხვისტანის, ნაია სისაურისა და ციცი გიგოიძის შემადგენლობით. საუკეთესო მომხსენებლად კი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ მაღლაკელიძე დასახელდა.


გამარჯვებულები საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა საქართველოში ანნ მონტავონმა დააჯილდოვეს. ფინალური ეტაპის თითოეულ მონაწილეს კი სერტიფიკატები და თემატური ლიტერატურა გადაეცა.ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. სტუდენტური პროექტების ორგანიზებას საერთაშორისო სამართლის მიმართულებით იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც გაგრძელებს.

Share
Print

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაკისტანის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა გამართა

თამარ ტყეშელაშვილმა ასად მაჯიდ ხანთან ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ პაკისტანის დელეგაციას იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.

პაკისტანის მხარემ გამოთქვა სურვილი, გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება სერვისების მიწოდებისა და დიგიტალიზაციის კუთხით.
საუბარი, ასევე, შეეხო სახელმწიფო პოლიტიკას მიგრაციის მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთევან ბეთლემიძე, საქართველოში პაკისტანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბილალ ჰაიე და პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მე-3 ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ალი შაჰიდი.