ცხელი ხაზი2 405 505

უახლესი ვიდეოები

30.09.2022
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ესტონელ კოლეგასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ესტონელ კოლეგასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

საქართველოსა და ესტონეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაფართოებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა დუბლინში გამართულ შეხვედრაზე.

ირლანდიაში რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება.

რატი ბრეგაძემ ლეა დანილსონ-იარგს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება და მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა. ამ მიზნით მან ესტონელი კოლეგა თბილისში მოიწვია. რატი ბრეგაძის თქმით, დოკუმენტი შექმნის მყარ ნიადაგს მჭიდრო თანამშრომლობისათვის მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში და ხელს შეუწყობს ახალი ინიციატივების მყისიერ იმპლემენტაციას.

შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ ლეა დანილსონ-იარგს მადლობა გადაუხადა ესტონეთის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და გამოთქვა რწმენა, რომ ჩვენს ქვეყანას კვლავაც ექნება ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესში.

„საინტერესო დიალოგი გვქონდა ესტონელ კოლეგასთან არსებული ურთიერთობებისა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ პერსპექტივებზე. ესტონეთი საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი სახელმწიფოა. შესაბამისად, გამოვთქვამთ იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, რომელიც მიმართულია სამართლებრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, აუცილებლად მოუტანს წარმატებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, − განაცხადა შეხვედრის შემდეგ რატი ბრეგაძემ.

ესტონეთის იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ „გასაოცარ პროგრესს“, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია:


„საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში. ის ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის, ევროკავშირის ნაწილი და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ასეც მოხდება, რადგან პროგრესი მართლაც გასაოცარია“.


შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი.