ცხელი ხაზი2 405 505

უახლესი ვიდეოები

07.09.2022
Share

გერმანიის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან გერმანია-საქართველოს 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი

პროგრამა სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებითა და პენიტენციური და პრობაციის სისტემების სფეროში განსახორციელებელ აქტივობებს ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და გერმანიის იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა მარკო ბუშმანმა მოაწერეს.

თანამშრომლობის სამუშაო პროგრამის თანახმად, მოხდება დარგობრივი გამოცდილების გაზიარება, ბავშვთა უფლებების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, თანამედროვე პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვისა და მოწყობის საკითხებზე. ასევე, საქართველო გაიზიარებს გერმანულ გამოცდილებას მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, განათლებისა და დასაქმების პროგრამების თაობაზე.

რატი ბრეგაძემ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიას შორის არსებული სამართლებრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ამავდროულად ხელი შეეწყობა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს.

მარკო ბუშმანმა განაცხადა, რომ საქართველოს და გერმანიას აკავშირებს ხანგრძლივი მეგობრობა. გერმანია იზიარებს დემოკრატიის თავისუფლებას და კანონის უზენაესობის ღირებულებას. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ თანამშრომლობა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და ხელი მოეწერა ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამას.

,, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მზად არის, დაეხმაროს საქართველოს, რათა ადგილი დაიმკვიდროს ევროკავშირში. შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ ამბიციებითა და სურვილებით, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობას უკავშირდება.“,-განაცხადა მარკო ბუშმანმა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ.