ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2024
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

რატი ბრეგაძემ პენიტენციური სისტემის თითოეულ დასაქმებულს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და 21 მომსახურეს წარმატებული საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადასცა. იუსტიციის მინისტრის თქმით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფოს უსაფრთხოების და მართლწესრიგის საკითხში დიდი როლი აკისრია და ამ საპასუხისმგებლო მისიას უწყება წარმატებით ახორციელებს.

რატი ბრეგაძემ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიღწევები გააცნო. აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იმ ადამიანების კეთილდღეობაა, რომლებიც სასჯელის აღსრულებაზე ზრუნავენ. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომელთათვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში სისტემაში ხელფასები 118%-ითაა გაზრდილი; მომსახურეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო კვებითა და ჯანმრთელობის დაზღვევით; უსაფრთხო ტრანსპორტირებით, თანამედროვე სპორტული მოედნებით, სავარჯიშო სივრცეებითა და სატრენაჟორო დარბაზებით; აქტიურ რეჟიმში ხორციელდება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები.

იუსტიციის მინისტრმა ციხეებში 2012 წლამდე არსებული ვითარებაც გაიხსენა. მისი თქმით, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც პენიტენციურ სისტემაში პატიმრებს აწამებდნენ; როდესაც ღირსების შელახვას და არაადამიანურ მოპყრობას სისტემური ხასიათი ჰქონდა. დღეს ქართული ციხეები ევროპის მასშტაბით საუკეთესოა. რატი ბრეგაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების ადამიანური სახის ერთ-ერთი ზუსტი მაგალითი სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებია.

რატი ბრეგაძემ ციხის თანამშრომლებთან ერთად მადლობა გადაუხადა, ასევე, იმ პატიმრებს, რომლებმაც საკუთარი წარმატებული რესოციალიზაციით სხვა პატიმრებსაც მისცეს დადებითი მაგალითი.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ციხეებში განათლების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას. კერძოდ, პატიმრებს შეუძლიათ უმაღლესი განათლების მიღება „ციფრული უნივერსიტეტის“ საშუალებით, რომელიც ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (EuroPris) 3 საუკეთესო ინოვაციურ პროექტს შორის დაასახელა; პროფესიული ცოდნის შეძენა დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში; მათ მიერ შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია და შემოსავლის მიღება; სპორტის სხვადასხვა სახეობაში რეგულარული ვარჯიში და სპორტულ ფესტივალებში მონაწილეობა; წვდომა სახელმწიფო სერვისებზე იუსტიციის სახლის მეშვეობით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ინოვაციას წარმოადგენს.

პროგრესია პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში: სრულადაა დაძლეული ტუბერკულოზი; ხორციელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა; დანერგილია ინოვაციური სერვისი – ონლაინ კლინიკა, რაც პატიმრებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად ისარგებლონ სამოქალაქო კლინიკის სპეციალისტის კონსულტაციით.

გაუმჯობესებულია პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურა: გაიხსნა ლაითურის ციხე, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, აგრეთვე, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) რეკომენდაციებს; რუსთავში სრულდება მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა.

ამოქმედდა ახალი პენიტენციური კოდექსი, რომელიც აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ახალი პენიტენციური კოდექსის სიკეთეები თითოეულმა პატიმარმა უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმაც. მან სისტემის წარმატებაში რიგითი თანამშრომლების როლს გაუსვა ხაზი.

ღონისძიება იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე გაიმართა, რომელიც რეგიონის მასშტაბით უნიკალური სივრცეა უნივერსალური და სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების განხორციელებისათვის. მას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელი პირები, მოწვეული სტუმრები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან ქვეყნებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან ქვეყნებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრაზე პაატა სალიამ მაკსატ მამიტკანოვს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. აღინიშნა, რომ უწყების პრიორიტეტებს შორისაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, აგრეთვე, პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივ სფეროებში.

ქართულმა მხარემ გამოხატა მზაობა, გაუზიაროს ყირგიზეთს გამოცდილება სერვისების ხელმისაწვდომობის სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმების მიმართულებით.
პაატა სალიამ მაკსატ მამიტკანოვი და ყირგიზეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 23-25 ივნისს გაიმართება.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა ივანიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა

დედის დღესთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლანა მორგოშია და თამარ ზოდელავა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრი ეკა ჭიჭინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

იუსტიციის მინისტრმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა სტუმრებს დაათვალიერებინეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი განახლებული სამკერვალო სივრცე, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება, ასევე, სილამაზის სალონი, ფიტნესდარბაზი და ბიბლიოთეკა, რომლებიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით ფუნქციონირებს.

ღონისძიების დასასრულს მსჯავრდებულებმა სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს.