ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 11 ივლისი , 2022
გაზიარება

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშის განხილვა გაიმართა


იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ღონისძიებაზე იმ დადებითი ტენდენციების შესახებ ისაუბრა, რომელიც CPT-ის მონიტორინგის დოკუმენტში აისახა.
აღინიშნა, რომ ევროპული კომიტეტის ანგარიშის თანახმად, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს და რომ დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე.


თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა აგრეთვე CPT-ის მხრიდან პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემის შეფასების შესახებ და აღნიშნა, რომ კომიტეტი პენიტენციურ დაწესებულებებში გადამდებ დაავადებათა მკურნალობას სწრაფად და ადვილად ხელმისაწვდომად მიიჩნევს, განსაკუთრებით მაღალ შეფასებას კი COVID-ის მართვის პრაქტიკას აძლევს, რის შედეგადაც, პანდემიის მიუხედავად, შესაძლებელი იყო პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნება.


რაც შეეხება ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებს, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მათი ნაწილი უკვე გათვალისწინებული და ასახულია იუსტიციის სამინისტროს 10-წლიან სტრატეგიაში. კერძოდ, უკვე დამტკიცებულია პენიტენციურ სისტემაში სპორტის მართვის ახალი სტრატეგია, განახლდა სპორტული მოედნები; ამოქმედდა ციფრული უნივერსიტეტის პროგრამა. არსებული გამოწვევების საკანონმდებლო დონეზე აღმოფხვრისათვის კი უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალ პატიმრობის კოდექსზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება:


„შექმნილია შესაბამისი უწყებათშორისი ჯგუფი, ახალი პატიმრობის კოდექსი და აღნიშნული სამუშაო პლატფორმის საქმიანობა იმისკენ იქნება ორიენტირებული, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც დღეს პრაქტიკაში შეიძლება მწვავედ იდგეს, პირველ ყოვლისა, საკანონმდებლო დონეზე იქნეს აღმოფხვრილი“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.


CPT-ის მიერ საქართველოში განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშის განხილვა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გაიმართა და მას სახელმწიფო უწყებების, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტრომ პრობაციონერთა ინოვაციური საორიენტაციო კურსის პროექტი დაიწყო

პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ინოვაციური სარეაბილიტაციო შესაძლებლობაა, რომელიც დაბალი რისკის პრობაციონერების მხრიდან განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და ამ პროცესში პრობაციის ოფიცრების როლის გაძლიერებას ემსახურება.

პროგრამა ითვალისწინებს პრობაციის ოფიცრების როლის ზრდას დანაშაულის პრევენციის პროცესში; ამასთან, დაბალი რისკის პრობაციონერებს უქმნის შესაძლებლობას, გაიარონ საორიენტაციო კურსი და შემდგომ შესაბამისი ანაზღაურების მიღებით პრობაციის ოფიცრებთან ერთად თავადვე გაუძღვნენ მსგავსს კურსებს. ამას გარდა, პროგრამის წარმატებით დასრულება პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და რეჟიმის შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი დადებითად გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება.

კურსი მოიცავს ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორიცაა: ფსიქოსოციალური უნარების განვითარება, წიგნიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა, სამართლებრივი საკითხები და ქალები მართლმსაჯულების სისტემაში.

კურსის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:

  • შრომითი უფლებებისა და სოციალური დახმარების სისტემებზე;
  • ემოციური მდგომარეობის რეგულირებაზე;
  • ეფექტიან კომუნიკაციასა და კონფლიქტური სიტუაციის მართვაზე;
  • განსხვავებულის მიმართ მიუღებლობისა და სტიგმის დაძლევაზე;
  • ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და არაჯანსაღი ქცევისა და ჩვევების იდენტიფიცირებაზე;

ასევე, პროფორიენტაციის პროგრამის საშუალებით გაეცნობიან არაერთი პროფესიის თავისებურებას.

კურსის პილოტის ჩასატარებლად პრობაციის ოფიცრები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩნენ.

პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა პრობაციის ოფიცრები დააჯილდოვა, რომელთაც წარმატებით გაიარეს ტრენერთა ტრენინგი, და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ისინი იქნებიან პირველი პრობაციის ოფიცრები საქართველოში, რომლებიც კურსის პილოტს ჩაატარებენ, შემდეგ კი, ამავე პროცესის გავრცელებას შეუწყობენ ხელს.

პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ექსპერტის ჩართულობით, აშშ-ის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად ხორციელდება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტ „სამართლის ტექნოლოგიების ციფრული აკადემიის“ პრეზენტაცია გაიმართა

პროექტის მიზანია საქართველოში მომუშავე იურისტებისთვის სამართლის ტექნოლოგიების (ლიგალტექის) სწავლება. ტექნიკური უნარების შეძენა დაეხმარება მათ, თანამედროვე ინოვაციური პროდუქტები გამოიყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში და გააუმჯობესონ სამუშაოს ხარისხი. კურსის თეორიული ნაწილის გავლისას მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ალგორითმზე დაფუძნებული კომპიუტერული სისტემების მეშვეობით იურიდიული სერვისების მიწოდების შესახებ.

მონაწილეები შეისწავლიან ლიგალტექ პროგრამა Logos-ისა და რულმეფინგის მეთოდის გამოყენებით ისეთი ციფრული პროდუქტების შექმნას, როგორიცაა: სამართლებრივი კონსულტაციის ავტომატიზებული ბოტები, ხელშეკრულებისა და სარჩელების გენერირების სისტემები და სხვ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი პროექტის მონაწილეებს პროექტის მნიშვნელობისა და აქტუალობის შესახებ ესაუბრა, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ხუბუამ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა ზვიად გაბისონიამ და პროექტის ხელმძღვანელმა ნათია სირდაძემ პროექტის მონაწილეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პროექტის ფარგლებში შეთავაზებული სასწავლო კურსის შესახებ. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პრაქტიკული მოდულების თაობაზე პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლადო სირდაძემ წარადგინა.

პროექტი განხორციელდება ოქსფორდის უნივერსიტეტის ლიგალტექ ასოციაციასა და გერმანულ ლიგალტექ კომპანია KnowledgeTools International-თან თანამშრომლობით. ღონისძიებაში მონაწილე ქართველ ექსპერტებთან ერთად ლექციებს გაუძღვებიან პროფესორი შტეფან ბრაიდენბახი, დოქტორი თილო ვენდი, ჰატიმ ჰუსაინი და დანიელ ფოა.

იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანიც ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს.