ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 11 ნოემბერი, 2021
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „მე არასოდეს არცერთ ეთერში არ მითქვამს ტერმინი „შიმშილობის შეწყვეტა“. მე ვთქვი – ის იღებს ნატურალურ წვენებს და სხვადასხვა სახის ფაფებს“

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მას არასდროს უთქვამს არცერთ ეთერში, რომ პატიმარმა სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ მან მხოლოდ სააკაშვილის მიერ ნატურალური წვენებისა და სხვადასხვა სახის ფაფების მიღების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სადეპუტატო კითხვის პასუხად გასაჯაროვდა, რისი ვალდებულებაც უწყებას ჰქონდა.

„მე არასოდეს არცერთ ეთერში არ მითქვამს ტერმინი „შიმშილობის შეწყვეტა“. მე ვთქვი და პასუხისმგებელი ვარ ჩემს ყველა სიტყვაზე. ეს იყო შემდეგი: ის იღებს ნატურალურ წვენებს და სხვადასხვა სახის ფაფებს. აქვე ვიტყვი, საიდან მოხდა ამ ინფორმაციის გამოტანა. ჩვენ მივიღეთ სადეპუტატო კითხვა, რომელზეც ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა. კითხვა იყო შემდეგნაირად დასმული: ხომ არ იღებს ის რაიმე საკვებ დანამატებს, რასაც შეიძლება ჰქონდეს დადებითი შედეგი შიმშილობისა ეფექტზე? ბატონმა სარჯველაძემ მოგვმართა ამ კითხვით და ჩვენ, ბუნებრივია, გავეცით პასუხი. თუმცა, ამ პასუხში არ იყო საუბარი იმაზე, შეწყდა თუ არა შიმშილობა. ამ ტერმინზე ჩვენ არ გვქონია აპელირება. მათ სურდათ სტრასბურგში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმის დამტკიცება, რომ, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ მოვუწოდოთ შიმშილობის შეწყვეტისკენ, პირიქით – ვაიძულებთ, ვაშიმშილოთ. არადა, სწორედ ეს ოპონენტები იყვნენ, რომლებიც ღია ეთერების საშუალებით მოუწოდებდნენ პატიმარს, რომ არ გაებედა შიმშილობის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ავტორიტეტი, როგორც პოლიტიკოსისა, განადგურდებოდა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში.

მისივე განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო სრულად იზიარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებას და სააკაშვილის, ისევე, როგორც სხვა პატიმრების, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უწყებისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენ სრულიად ვიზიარებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებას და, ბუნებრივია, გვინდა, რომ ეს ადამიანი, ისევე, როგორც ყველა სხვა პატიმარი, იყოს ჯანმრთელი. ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის ჩვენი პასუხისმგებლობა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი სააკაშვილის გარდა 9 ათასზე მეტი პატიმარი გვყავს და მათაც ვუთმობთ სათანადო ყურადღებას. ყველა პატიმარი კანონის წინაშე თანასწორია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიგრაციის საერთაშორისო ფორუმს მიგრაციის მართვის ქართული მოდელი გააცნო

გიორგი დგებუაძე სიტყვით პლენარული შეხვედრის ფარგლებში ორგანიზებულ დებატებზე გამოვიდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა კოორდინირებული მიდგომების მნიშვნელობას, აგრეთვე, მიგრაციის მართვისას გლობალური პრინციპებისა და ეროვნული კონტექსტის კომპლექსურ გათვალისწინებას გამოწვევებზე რეაგირების პროცესში. გიორგი დგებუაძემ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს მიგრაციის მართვის სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომლებიც ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის გაძლიერებას, თავშესაფრის სისტემების რეფორმირებას, სასაზღვრო ტექნოლოგიების გაციფრულებას, მიგრანტთათვის რეინტეგრაციის პროგრამებისა და სერვისების გაფართოებას.

მიგრაციის საერთაშორისო ფორუმის მიზანია ქვეყნების დახმარება გლობალურ დონეზე მიგრაციის მართვის გაუმჯობესებაში, არსებულ გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებასა და მიგრაციასთან დაკავშირებული გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელებაში.

საქართველოს დელეგაციას ღონისძიებაზე გიორგი დგებუაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები, აგრეთვე, სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები.

ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელსაც შეხვდა.

გაზიარება
ბეჭდვა

მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში ხელსაქმისა და კერვის მასტერკლასები ჩატარდება

N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლანა მორგოშიამ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს, სტუმრებთან ერთად უმასპინძლეს.

პირველი ლედი გაეცნო მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით შექმნილ მრავალფეროვან სივრცეებს. მოინახულა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული განახლებული სამკერვალო სივრცე, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი. სამკერვალოში დასაქმებულ მსჯავრდებულებს მიეწოდათ შესაბამისი მასალები და ქსოვილები, რომელთა გამოყენებით ქალ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სადღესასწაულო სამოსი. პირველი ლედის ინიციატივით, #5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიგეგმა კერვის, ხელსაქმის და სხვა მასტერკლასები. აღნიშნული ქსოვილებით მსჯავრდებული ქალები ჯგუფი კახაბერი და ხანუმების სასცენო სამოსს შეკერავენ.

სტუმრობის დასასრულს, მსჯავრდებულებისა და ჯგუფი „კახაბერი და ხანუმების" კონცერტიც გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საქართველოს პირველი ლედი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.