ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 06 სექტემბერი , 2022
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრს შორის სამუშაო შეთანხმებას ხელი მოეწერა

შეთანხმებას ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა და ევროკავშირის სააგენტოს ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) დირექტორმა ალექსის გუზდელმა. შეთანხმება წარმოადგენს ევროკავშირის სააგენტოებთან სექტორული თანამშრომლობის ნათელ მაგალითს და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესს.

სამუშაო შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შესაძლებლობათა გაძლიერებასა და მონაცემთა შეგროვების სისტემის მხარდაჭერას. ამასთან, შეთანხმება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის საპასუხო მექანიზმების თაობაზე გამოცდილების გაზიარების, ნარკოტიკულ საშუალებათა ავადმოხმარების პრევენციისა და წამალდამოკიდებულების მკურნალობის, ასევე, გადამდები დაავადებების პრევენციისა და ზიანის შემცირების მიმართულებების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ გამოცდილების გაზიარება და ნარკოტიკების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა და მისი გაძლიერება მხარეთა შორის თანამშრომლობის დამატებითი საკვანძო მიმართულებაა.

EMCDDA-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სექტორული თანამშრომლობა უკვე წლებია, გრძელდება და ევროპულ სააგენტოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ჰუმანური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით.

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი 2020 წლის იანვარში იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და ის EMCDDA-ს ანალოგია ეროვნულ დონეზე, რომელიც ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების შესწავლის, შეფასებისა და მტკიცებულებების ანალიზის ხელშეწყობას ემსახურება.

EMCDDA-ს დელეგაცია საქართველოს 15 სექტემბერს დატოვებს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ ოტკურბეკ ძჰამშიტოვს შეხვდა

რატი ბრეგაძემ ოტკურბეკ ძჰამშიტოვთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ ოტკურბეკ ძჰამშიტოვთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.