ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 03 აგვისტო, 2023
გაზიარება

იუსტიციის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ 2023 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების ანგარიში წარადგინა

ანგარიშის განხილვა შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი ხელმძღვანელობდა.

სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისებზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით. კერძოდ, განხორციელდა საკანონმდებლო სისტემის რევიზია და მისი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან შესაბამისობის დადგენა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ელექტრონული სერვისებისა და ვებგვერდების მისაწვდომობის უზრუნველყოფა; შშმ პირთა უფლებათა დაცვის საკითხებზე სისტემის მასშტაბით თანამშრომელთა გადამზადება.

ანგარიში ანალიტიკურმა დეპარტამენტმა მოამზადა, რომელიც, ამავე დროს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოსაც წარმოადგენს. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულების პროგრესის შესახებ ისაუბრეს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმაც.

სხდომამ მოიწონა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2023 წლის სამოქმედო გეგმის აუდიოვერსია, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერას“ თანამშრომლობით ჩაიწერა. მისი მიზანი უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.

სხდომას ესწრებოდნენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები, რომლის შემადგენლობაში შედიან საბჭოს მოწვეული წევრები – შშმ პირთა წარმომადგენლობითი და არასამთავრობო ორგანიზაციები, შშმ თემის წარმომადგენლები, აქტივისტები, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულის, სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდნენ

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო'ფლაჰერტის შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტებს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობას, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, დანაშაულის პრევენცია და პრობაცია, სასჯელის აღსრულება, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკოპოლიტიკა და სხვ.

ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობის მკვეთრად კლების ტენდენციასა და საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწევებზე.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორი ჯანკარლო კარდინალე და კომისრის მრჩევლები აგატა ნეიბოჯი და რომერ ლემატრი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

იუსტიციის სამინისტრო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას ევროპის საბჭოსთან საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.