ცხელი ხაზი2 405 505

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

საბჭო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 13 მარტს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ნარკომანიასთან ბრძოლის საბჭოსა და საქართველოში შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტების სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შორის, რომლის თანახმადაც გაძლიერდება თანამშრომლობა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის მიზნით. მემორანდუმი მიზნად ისახავს ამ ორი საბჭოს ერთობლივი საქმიანობებისა და პროგრამების უკეთეს კოორდინაციას, ორივე მხრიდან ადამიანური და მატერიალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

2015 წლის 4 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრს (EMCDDA) შორის გაფორმდა მემორანდუმი. მხარეები ნარკოტიკებზე ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გავრცელების კუთხით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამასთან, მემორანდუმის მიზანია ნარკოვითარების მონიტორინგისა და შეფასების სისტემების შედარებითი ინდიკატორების განვითარება-სრულყოფა.

მემორანდუმის, მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების ფარგლებში EMCDDA აქტიურად ეხმარება საქართველოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკოვითარების მონიტორინგის სფეროში ექსპერტების გადამზადების პროცესში, უზიარებს ქართულ მხარეს ნარკოდანაშაულის უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგებს. მხარეები სისტემატურად ცვლიან ინფორმაციას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში მოქცეულ ახალი ტიპის ნარკოტიკებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე, მათი წარმოებისა და გამოყენების ტექნოლოგიებზე.

EMCDDA-თან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველომ, თავის მხრივ, აიღო ვალდებულება, დაენერგა ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი. ამის გათვალისწინებით, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, 2020 წლის 16 იანვარს, იუსტიციის მინისტრის N494 ბრძანებით შეიქმნა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია სტატისტიკასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიაწოდოს ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრს.

2020 წლის მაისში საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს ნარკოტიკებისა და დამოკიდებულების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფს (პომპიდუ ჯგუფი) და გახდა ჯგუფის 41-ე წევრი ქვეყანა. საქართველოს პომპიდუ ჯგუფში გაწევრიანების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა თანამშრომლობა ნარკოპოლიტიკის დახვეწის, საუკეთესო პრაქტიკისა და ექსპერტიზის გაზიარების კუთხით. იუსტიციის სამინისტრო და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად თანამშრომლობს პომპიდუ ჯგუფთან და საქართველოს უწყებათა წარმომადგენლები ინტენსიურად მონაწილეობენ პომპიდუ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში, მრგვალ მაგიდებსა და საერთაშორისო კონფერენციებში.

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრო და საკოორდინაციო საბჭო აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ნარკოტიკებსა და დანაშაულთან ბრძოლის როგორც საერთაშორისო, ისე - ეროვნულ ოფისთან (UNODC ). ამასთან, UNODC-ს ფარგლებში არსებული ნარკოტიკების კონტროლის კომისია (CND) წარმოადგენს საბჭოს თემატურ მხარდამჭერ საერთაშორისო პარტნიორს. საქართველო ინტენსიურად მონაწილეობს გაეროს ოფისში გამართულ CND-ის ყოველწლიურ შეხვედრებსა და პარალელურ სესიებში. დაინტერესებულ პარტნიორ მხარეებს უზიარებს ეროვნულ დონეზე არსებულ გამოწვევებსა და გამოცდილებას.