ღონისძიებები

ხუთშაბათი, 16 ივნისი, 2022

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა


2022 წლის 16 ივნისს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიზიტისშემდგომი ანგარიში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომენტარებთან ერთად.

CPT დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისგან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას.

ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე. პირიქით, CPT-ის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს.

ევროპული კომიტეტის დადებითი შეფასება მიიღო პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემამაც; კერძოდ, CPT-ის ანგარიშის მიხედვით, სწრაფად და ადვილად ხელმისაწვდომია გადამდებ დაავადებათა კონსულტაცია და მკურნალობა. კომიტეტის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს მიერ პენიტენციურ სისტემაში COVID-ის მართვის პრაქტიკამ, რის შედეგადაც, პანდემიის მიუხედავად, შესაძლებელი იყო პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნება.

რაც შეეხება ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებს, მათი ნაწილი უკვე გათვალისწინებულია ან ასახულია იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ 10-წლიან სტრატეგიაში; კერძოდ, CPT-ის მხრიდან ყურადღება გამახვილდა საკნის გარე აქტივობების, დასაქმების, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამების რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე. ევროპულ კომიტეტს უკვე მიეწოდა ინფორმაცია, რომ 2021 წლის განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიება განხორციელდა პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 2151-მა პატიმარმა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში ქალი პატიმრების გამარჯვება. ასევე, CPT-ის ვიზიტის შემდეგ პენიტენციურ სისტემაში დამტკიცდა სპორტის მართვის ახალი სისტემა, რომლის ფარგლებშიც პატიმრებს პროფესიონალი ინსტრუქტორები მოამზადებენ. სპორტული მოედნები განახლდა №5, №14, №15, №16 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში; ამოქმედდა ციფრული უნივერსიტეტის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობა ექნებათ; დასაქმებულია 1000-ზე მეტი პატიმარი და ეს რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.

ევროპული კომიტეტის კიდევ ერთი რეკომენდაციაა პატიმრებს შორის ძალადობის შემცირება/პრევენცია და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა. CPT-ს მიეწოდა ინფორმაცია, რომ პატიმრებს შორის ძალადობის ან ერთმანეთზე ზემოქმედების ნებისმიერ მცდელობაზე სპეციალური პენიტენციური სამსახური ახდენს მყისიერ რეაგირებას. მუდმივ რეჟიმში ხორციელდება რისკებისა და საჭიროებების შეფასება, რის შედეგადაც ხდება ცალკეული პატიმრის გადაყვანა მაღალი რისკის დაწესებულებებში. შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, იწყება გამოძიება და ხდება დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა. პატიმართა შორის ძალადობის შემთხვევები კიდევ უფრო შემცირდება ახალი პენიტენციური დაწესებულებების ამოქმედებისა და არსებული დაწესებულებების უფრო მეტად განტვირთვის შემდეგ; კერძოდ, წლის ბოლომდე გაიხსნება პენიტენციური დაწესებულება დაბა ლაითურში, რომელიც 700-მდე პატიმარზე იქნება გათვლილი. რაც შეეხება თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას, ეს პროცესი დაწყებულია. ამასთან, დასაქმებულთა პირობები ეტაპობრივად უმჯობესდება.

CPT-მ ითხოვა ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარ ცალკეულ ინციდენტთან დაკავშირებითაც, რაც იუსტიციის სამინისტროს მხრიდან დადგენილ ვადაში მიეწოდა.

ევროპული კომიტეტი განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებს იუსტიციის მინისტრის მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს როგორც CPT-თან, ისე სახალხო დამცველთან. საქართველოს პენიტენციური სისტემის ღიაობას დამატებით ადასტურებს CPT-ის ანგარიშის გამოქვეყნება, რაც იუსტიციის სამინისტროს თანხმობის საფუძველზე განხორციელდა.

პენიტენციური სისტემის რეფორმა აქტიურად გაგრძელდება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება CPT-ის რეკომენდაციები. უკვე განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის ყველაზე მკაფიო ინდიკატორი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც ადასტურებს პატიმართა უფლებების ქვეყნის შიგნით დაცვის მაღალ სტანდარტს.

CPT-ის დელეგაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2021 წლის 17-24 მაისს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მოინახულა 4 პენიტენციური დაწესებულება (№2, №14, №15 და № 17).

იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში თბილისისა და ქუთაისის შემდეგ ბორჯომში წარადგინა

რატი ბრეგაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებისათვის გატარდა.

იუსტიციის სამინისტროს განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციიდან ერთი წლის თავზე არაერთი დაპირებაა შესრულებული:

დაინერგა და 7 რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“; საქართველოს 6 დიდ ქალაქში განთავსდა პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა „PROBBOX“; ამოქმედდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მიწების აზომვა და რეგისტრაცია.

გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – გაიხსნა 5 ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ 6 მუნიციპალიტეტში; დამატებით ერთი იუსტიციის სახლი ამოქმედდება თბილისში, ჰუალინგში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა ახალციხეში.

დაფუძნდა და გამოიცა ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“; იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“); ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან.

სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ადმინისტრაციულ ერთეულებში – საგურამოში, გამარჯვებაში, მარტყოფში, შუახევში, ადიგენში, ასპინძაში, კაჭრეთში, ქედაში, ხობში, ზესტაფონში, სიღნაღსა და ამბროლაურში; სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ.

მნიშვნელოვანი რეფორმებია პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში – გაძლიერდა პატიმართა დასაქმების პროგრამები; გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება; რემონტდება მოედნები; მიმდინარეობს რეგულარული წვრთნები, პრობაციის ბიუროების გახსნა სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში; რეფერირების ცენტრი გაიხსნა ქუთაისში; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები მუნიციპალიტეტებთან შრომამისჯილი პირების დასაქმებისათვის.

ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი სსიპ-ების თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებები

ივნისი , 2023
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ