ღონისძიებები

შაბათი, 16 ივლისი, 2022

ხაშურის მუნიციპალიტეტში იუსტიციის სამინისტროს ყველა სერვისი იქნება ხელმისაწვდომი

იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. ამ მიზნით იუსტიციის მინისტრი ხაშურში მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა. უკვე წლის ბოლოსთვის ხაშურის მოსახლეობა იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას შეძლებს.

„დღეს ხაშურელებს არაერთი სასიამოვნო სიახლე გავაცანით. პირველ რიგში, იუსტიციის სახლი, რომლის მშენებლობის პროცესი არის სრულად განახლებული. წლის ბოლოსთვის მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ყველა სახის სახელმწიფო მომსახურება ერთ სივრცეში მისთვის ჩვეულ, კომფორტულ გარემოში, როგორსაც ის არის მიჩვეული მთელი საქართველოს მასშტაბით. ხაშურში, ასევე, განვათავსეთ „პრობბოქსი“, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე, გავხსენით მედიაციის სივრცე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებისთვის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის ინიციატივით ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მას ახალი კომპანია აგრძელებს.

ხაშურის მუნიციპალიტეტს იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი წლის ბოლოსთვის შეემატება. იუსტიციის სახლში 18 პირი დასაქმდება. მომსახურების დარბაზის გარდა, ახალ ფილიალში თანამედროვე ინტერიერის მქონე საქორწინო-სარიტუალო სივრცეც მოეწყობა. შენობაში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ ინფრასტრუქტურაში ფუნქციონირებენ.

რატი ბრეგაძე ხაშურის პრობაციის ბიუროში გახსნილ მედიაციის ახალ სივრცესაც ეწვია, სადაც მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის უზრუნველყოფილია კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოებისთვის ყველა საჭირო პირობა. სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდებათ. ამ დრომდე რეგიონში მედიაციის სივრცე არ არსებობდა, რის გამოც პროცესის წარმართვისთვის სხვა სივრცის მოძიება ხდებოდა საჭირო.

მედიაცია დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვას ემსახურება. ის აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს ეყრდნობა და ორიენტირებულია ადამიანებზე, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის ჩართულობაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და დაკმაყოფილებაზე.

იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყენებს მედიაციის მექანიზმს. ის არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმაა, რომელიც დამნაშავეებს პატიმრობის ნაცვლად რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ღონისძიებებში ჩართვას სთავაზობს; მედიაციის მექანიზმის წარმატებით მუშაობაზე კი, მეტყველებს ის, რომ 2021 წლის განმავლობაში მედიატორის გამოყოფაზე 596 მიმართვა დაფიქსირდა, საიდანაც კანონთან კონფლიქტში მყოფ 389 ბავშვთან მედიაციის პროცესი წარმატებით დასრულდა.

ამ დროისთვის მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისსა და ხაშურში მოქმედებს; წლის ბოლომდე კი, ოზურგეთშიც გაიხსნება.


დღესვე პრობაციონერებისთვის შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა „PROBBOX“, იუსტიციის სახლების გარდა, პირველად, ალტერნატიულ სივრცეში – ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა. ტექნოლოგიურ მოწყობილობაში ყველა ის სერვისია ინტეგრირებული, რომელთა სარგებლობისთვისაც პრობაციონერებს აქამდე პრობაციის ბიუროებში სჭირდებოდათ მისვლა.

„პრობბოქსის“ სერვისებს შორისაა: შეთავაზებები დასაქმების შესახებ, ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე, განაცხადის წარდგენა რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე, პრობაციის ოფიცერთან კომუნიკაცია და მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის დაჯავშნა.

პრობაციონერებს „პრობბოქსით“ სარგებლობა ამ დროისთვის 7 მუნიციპალიტეტში შეუძლიათ. მოწყობილობა ბათუმის, ქუთაისის, თბილისის, თელავის, გორისა და ზუგდიდის შემდეგ ხაშურის მუნიციპალიტეტშიც არის ხელმისაწვდომი; ეტაპობრივად კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილდება.

ღონისძიებები

ივლისი , 2023
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6