ღონისძიებები

ორშაბათი, 15 აგვისტო 2022

აღკვეთის ახალ ღონისძიებას − გადაადგილების შეზღუდვას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო განახორციელებს

კონცეფცია, რომელიც აღკვეთის ღონისძიების ფორმად გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა განიხილეს.

ცვლილებების მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აღკვეთის ახალი ღონისძიების − გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით აღსრულდება, და ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება.

ინიციატივის თანახმად, ახალი მექანიზმის აღსრულებას იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. ამიტომ გადაადგილების შეზღუდვის ეფექტიანობა სააგენტოს ტექნიკურ და ადამიანურ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში ყველა ინიციატივა, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვის მექანიზმი, ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვას ემსახურება. ის, ერთი მხრივ, გულისხმობს ჰუმანურ მიდგომას ბრალდებული პირების მიმართ და მათთვის პატიმრობის ნაცვლად აღკვეთის უფრო მსუბუქი ფორმის გამოყენებას, მეორე მხრივ კი, ზოგავს სახელმწიფო სახსრებს − გადაადგილების შეზღუდვის აღსრულება, დაახლოებით, 80%-ით ნაკლებ ფინანსურ ხარჯებს საჭიროებს, ვიდრე პატიმრობის უზრუნველყოფა.

რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აღკვეთის ეს ღონისძიება ყველა ტიპის დანაშაულზე არ გავრცელდება და მისი გამოყენება სასამართლოს პრეროგატივა იქნება. მინისტრის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის აღსრულებისათვის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო პირველ ეტაპზე 1000 ერთეულ სამაჯურს და ამავე რაოდენობის სერვერს შეიძენს. იგეგმება ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა და მათი გადამზადება.

მინისტრის განმარტებით, პრობაციის სისტემა ყოველთვის მზადაა ინოვაციებისათვის. ამის კარგი მაგალითია „პრობბოქსი“ − პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა, აგრეთვე, 24-საათიანი მონიტორინგის სამსახური, რომელიც არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გასულ წელს შეიქმნა.

აღკვეთის ღონისძიების ახალი მექანიზმის აღსრულებისათვის საჭირო ღონისძიებების პრეზენტაცია შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა წარმოადგინა.

საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში ლენა ოუენსი, აგრეთვე, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სხვა სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებები

ოქტომბერი2022
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6