ღონისძიებები

ხუთშაბათი, 08 სექტემბერი, 2022

იუსტიციის მინისტრმა აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გერმანიის პრობაციის ბიუროს ეწვია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრობაციის ბიუროს ეწვია. მინისტრის თქმით, საქართველო-გერმანიის წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ. პრობაციის ბიუროში გამართულ შეხვედრებში, ასევე, მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბუბა ლომუაშვილი და ბექა ძამაშვილი. მინისტრის განცხადებით, მისთვის პრიორიტეტულია პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების შემდგომი განვითარება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს უწყების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელთაც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს; კერძოდ, პრობაციონერთა კონტროლისა და სერვისების უზრუნველყოფის ინოვაციური მოწყობილობა „PROBBOX“-ის დანერგვაზე, რომლის საშუალებით პრობაციონერთა კონტროლი და მომსახურება პრობაციის ბიუროში გამოცხადების გარეშე გახდა შესაძლებელი. მოწყობილობის მეშვეობით უზრუნველყოფილია პრობაციონერთა მეტი ანონიმურობა და გაზრდილია მათი კონტროლისა და მომსახურების გეოგრაფიული არეალი. „PROBBOX“-ის თაობაზე იუსტიციის სამინისტრო აქტიურად უზიარებს გამოცდილებას პარტნიორ ქვეყნებს.

რატი ბრეგაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებზე, როგორიცაა: ალტერნატიული სასჯელების მოქმედებისა და შინაპატიმრობის აღსრულების ეფექტიანობის გაზრდა; შრომამისჯილი პირების აქტიური ჩართულობის მხარდაჭერა ქვეყნის მასშტაბით ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო სასჯელის მოხდის შემდგომ მათი დასაქმების ხელშეწყობა/უზრუნველყოფა; მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მხარდაჭერა.

რატი ბრეგაძე ბუნდესტაგში გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბუნდესტაგში გამართულ შეხვედრაზე. რატი ბრეგაძე ბუნდესტაგში გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ იოჰან დეივიდ ვადეფულს შეხვდა.


შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბუბა ლომუაშვილი, ბექა ძამაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია.


იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა რომ სექტორული თანამშრომლობა და ბუნდესტაგთან მუშაობის გაღრმავება მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.


იოჰან დეივიდ ვადეფულმა აღნიშნა, რომ ძალიან ნაყოფიერი და კარგი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან.

„მოხარული ვართ საქართველოს ხელისუფლების მჭიდრო კონტაქტით გერმანიასთან. გერმანიის მთელი პარლამენტი ძალიან დაინტერესებულია ურთიერთობების გაღრმავებით საქართველოსთან. საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოზე, ძალზედ მოხარულია ჩვენი მეგობრობით. გვახარებს, რომ საქართველოს სურს, ევროპის მიმართულებით წინ გადადგას ნაბიჯები. ჩვენ ვმოქმედებთ, რათა დაჩქარდეს საქართველოს კიდევ უფრო სწრაფი დაახლოება ევროკავშირთან. ჩვენი ერთიანი საერთო ღირებულებებისა და საერთო წარმოდგენების გამოხატვით ერთობლივად შევძლებთ მშვიდობიან და მეგობრულ ცხოვრებას“,-განაცხადა იოჰან დეივიდ ვადეფულმა

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში 6 სექტემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა გერმანიის იუსტიციის მინისტრთან, ნოტარიუსთა პალატის პრეზიდენტთან, ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან, პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელმძღვანელებთან. ასევე, შეხვედრა გაიმართა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტშიც.

ღონისძიებები

სექტემბერი , 2023
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ