ღონისძიებები

სამშაბათი, 18 ოქტომბერი, 2022

საქართველო-ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა

პრაღაში ევროკავშირის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში საქართველო-ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის დაწყებული თანამშრომლობა დღეს ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით გაგრძელდა. იუსტიციის მინისტრი ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას მოადგილეებთან ერთად შეხვდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს რატი ბრეგაძემ და ჩეხმა კოლეგა პაველ ბლაჟეკმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობას იუსტიციის სფეროში რეფორმისა და ციფრული მმართველობის მხარდაჭერის; ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობის; პენიტენციური, პრობაციის და დანაშაულის პრევენციის სისტემების ეფექტიანი მართვის; სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაძლიერებისა და სხვა მიმართულებებით.

რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსათვის მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების დამყარება პარტნიორებთან ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორიცაა: ადამიანის უფლებების დაცვაზე დამყარებული მიდგომების გაძლიერება, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში რეფორმების გაგრძელება, სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაცია,ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული მმართველობის პროგრესი.

იუსტიციის მინისტრმა ჩეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისათვის. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

მხარეებმა ისაუბრეს როგორც ევროინტეგრაციის, ისე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. „დღეს ჩვენ გავაგრძელეთ მსჯელობა იმაზე, თუ როგორ აკმაყოფილებს საქართველო კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომლის შესრულების შემდეგაც ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ყველანაირად ცდილობს, შეასრულოს ეს პირობები. შესაბამისად, მე ამ წინგადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას გადავცემ ევროკომისარს. მე, ასევე, მქონდა შესაძლებლობა, მომენახულებინა რუსთავის პენიტენციური დაწესებულება, სადაც დავრწმუნდი, რომ ქართული პენიტენციური სისტემა აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს“, – აღნიშნა პაველ ბლაჟეკმა.

დასასრულს, რატი ბრეგაძემ ჩეხ კოლეგასთან ერთად საქართველო-ჩეხეთის სამართლებრივი ფორუმის შექმნის ინიციატივაც განიხილა, რომელსაც ყოველწლიურად მონაცვლეობით თბილისი და პრაღა უმასპინძლებს.

ღონისძიებები

ოქტომბერი , 2023
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5