ღონისძიებები
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ აზერბაიჯანის საჯარო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სახელმწიფო სააგენტოს 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დეტალურად გააცნო სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი. ერეკლე ღვინიანიძემ დამსწრე საზოგადოებას იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი ინოვაციური პროექტებიც გააცნო.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციათა და საქმიანობათა მრავალფეროვნების მიუხედავად, ყოველი მათგანის საერთო მიზანი საზოგადოებისთვის ხარისხიანად და სწრაფად სერვისის მიწოდებაა, რასაც სამინისტრო თავისივე „წინა ხაზის“ − იუსტიციის სახლის მეშვეობით ახორციელებს“, − განაცხადა ერეკლე ღვინიანიძემ.
ფორუმს ესწრებოდნენ სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე ქეთევან ბეთლემიძე და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარე დავით დევიძე.
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 15-16 დეკემბერს გამართული საერთაშორისო ფორუმის მიზანი სახელმწიფო სერვისების მიწოდების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იყო.