ღონისძიებები

სამშაბათი, 10 ოქტომბერი, 2023

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გაერო-ს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წარმომადგენლებს მასპინძლობს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) დელეგაციას შეხვდა.

საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პატიმართა უფლებების დაცვისა და პირობების გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ახალი პენიტენციური კოდექსი, პატიმართათვის ხელმისაწვდომი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამები, დასაქმების შესაძლებლობები, მცირე ზომის ახალი დაწესებულებების მშენებლობა და სხვ.

უკვე განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის ყველაზე მკაფიო ინდიკატორი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც ადასტურებს პატიმართა უფლებების ქვეყნის შიგნით დაცვის მაღალ სტანდარტს. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობა. კერძოდ, 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე. შედარებისთვის – 2023 წლის იანვრის მდგომარეობით ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა, რაც 2011 წლის მონაცემებზე 20-ჯერ ნაკლებია.

მინისტრის მოადგილის თქმით, პენიტენციური სისტემის რეფორმა აქტიურად გაგრძელდება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც მხედველობაში იქნება მიღებულია SPT-ის რეკომენდაციები.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის რელევანტური დეპარტამენტების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ SPT-ის დელეგაცია საქართველოს პირველად სტუმრობს. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტისგან შემდგარი ქვეკომიტეტის ძირითადი ფუნქციაა გაერო-ს წევრ ქვეყნებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის პროაქტიული და მდგრადი მიდგომების დანერგვა. ქვეკომიტეტი, ასევე, შეხვდება სხვა სამთავრობო უწყებებს, სახალხო დამცველის აპარტსა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში SPT, ასევე, ესტუმრება თავისუფლებააღკვეთის დაწესებულებებს.

ვიზიტის შემდგომ SPT შეიმუშავებს ანგარიშს და საქართველოსთან მიმართებით გასცემს რეკომენდაციებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა მოპყრობასა და დაცვასთან დაკავშირებით.

დელეგაციის ვიზიტი დღეს დაიწყო და მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს დასრულდება.

ღონისძიებები

ოქტომბერი , 2023
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ