საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარადგინა
"ანრი ოხანაშვილს არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, იგი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო, პროფესიონალი იურისტი საქართველოში. მას აქვს მიღებული ძალიან ღრმა განათლება ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ დამთავრებული აქვს მაგისტრატურა იენის უნივერსიტეტში, გერმანიაში და ასევე სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული გერმანიაში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. ის 2017 წლიდან გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი, წლების განმავლობაში, იკავებდა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას და ყველა მიმართულებით იყო ძალიან წარმატებული თავის საქმიანობაში. ანრი ოხანაშვილი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი, მინდა წარმატებები ვუსურვო იუსტიციის სამინისტროში,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა რატი ბრეგაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად დღეს წარედგინება.