ღონისძიებები

პარასკევი, 13 სექტემბერი, 2024

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და "EUROPRIS"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პენიტენციურ სისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს

შეხვედრა პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით მასპინძლობდა. მასში ოცდაათამდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველო 2023 წელს გახდა.


იუსტიციის მინისტრმა და "EUROPRIS"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თბილისის კონფერენციის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.


გუსტავ ტალვინგმა მადლობა გადაუხადა რატი ბრეგაძეს ღონისძიების ორგანიზებისა და "EUROPRIS"-თან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რომელიც მხარეებს შორის 2023 წლის მაისში ჰააგაში გამართული შეხვედრის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა.
შეხვედრას ესწრებოდა, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

ოთხშაბათი, 11 სექტემბერი, 2024

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელშიც EPTA-ს წევრი ოცდაათამდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელშიც EPTA-ს წევრი ოცდაათამდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ

იუსტიციის სამინისტრო და სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიურ კონფერენციას ორგანიზაციის თავმჯდომარის ეგიდით მასპინძლობენ.

კონფერენცია სასჯელაღსრულების სისტემაში განათლებისა და პრაქტიკის განვითარების საკითხებს ეძღვნება.

მინისტრმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სასჯელაღსრულების სისტემის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივი მართლწესრიგის და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ქართულ პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა.

„ციფრული უნივერსიტეტი“ პატიმრებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის;

დასაქმებული პატიმრები და მაღაზია „რე-მარკეტი“, სადაც მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქცია იყიდება;

ქართული ინოვაცია – იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებიც მსჯავრდებულებისთვის სახელმწიფო სერვისზე წვდომას უზრუნველყოფს – ეს ის საკითხებია, რომლებზეც რატი ბრეგაძემ თავის გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა პენიტენციური კოდექსის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოდექსი განსაკუთრებულ პირობებს ქმნის როგორც მსჯავრდებულებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის.

„სახელმწიფოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ ყველაზე უკეთ გაიზომება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციით და პენიტენციური კოდექსი ქმნის ნამდვილად განსაკუთრებულ პირობებს, ასევე, ეხმარება თანამშრომლებს, აუმჯობესებს მათ სოციალურ პირობებს, რომ აღასრულონ სასჯელი ადამიანის უფლებების სრული დაცვით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობაა.

„ჩვენ მივყვებით იმ ტრენდს, რასაც ჰქვია პენიტენციურ სისტემებში მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა. ლაითურის მცირე ზომის დაწესებულების გახსნიდან ერთი წლისთავზე ჩვენ გავხსნით მცირე ზომის მეორე დაწესებულებას რუსთავში, რომელიც გათვლილი იქნება, მაქსიმუმ, 200 მსჯავრდებულზე. პენიტენციურ სისტემაში მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სათანადოდ მომზადებული ოფიცრები და თანამშრომლები, რის უზრუნველსაყოფადაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაკეთდა ახალი სტრუქტურა, რომელიც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მომზადებას ემსახურება; შეიქმნა სააკაძის ახალი ბაზა; დიდი ყურადღება ეთმობა სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალი სასწავლო პროგრამები მორგებულია პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების საჭიროებებზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა და ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპული ორგანიზაცია „EUROPRIS“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გუსტავ ტალვინგმა.

„საქართველო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო და ძალისხმევა, რომელსაც გაართვა თავი ქვეყანამ, ძალიან შთამბეჭდავია, თუ როგორ შეძლო ამ პერიოდიდან გამოსვლა. ბატონო ბრეგაძე დიდი მადლობა ნდობისთვის, იმისთვის, რომ EUROPRIS-ს და EPTA-ს უწყობთ ხელს და კიდევ უფრო დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ უწყვეტად ცდილობთ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს“, - განაცხადა გუსტავ ტალვინგმა.

3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში სტუმრები ეწვევიან №16 პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც დაათვალიერებენ პატიმრებისთვის შექმნილ მცირე საწარმოებს; ესტუმრებიან სააკაძის სასწავლო ბაზას, სადაც მათთვის საჩვენებელი წვრთნები გაიმართება და გაეცნობიან იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკას.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარე 2023 წელს ერთი წლის ვადით გახდა. EPTA 2010 წელს დაარსდა და მასში ევროპის 36 სასწავლო ცენტრია გაერთიანებული. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის  განცხადება

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისას საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით, წინასაარჩევნო პროცესში საჯარო მოსამსახურეებისადმი გამოხატული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და პროვოკაციული ქმედებების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს:

  • განცხადებებისა და გამოსვლების დროს არ გამოიყენონ სიძულვილის ენის შემცველი ლექსიკა, რაც ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას;
  • არ წაახალისონ ძალადობა, რათა საარჩევნო პროცესში გამოირიცხოს ძალადობრივი ინციდენტები, აგრეთვე, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება;
  • თავი შეიკავონ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების შეურაცხყოფისა და მათზე ზეწოლისგან, რაც აზიანებს საარჩევნო გარემოს, საზოგადოების ერთიანობას და ხელყოფს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ ადამიანის უფლებებს.
სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2024

იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

რატი ბრეგაძემ პენიტენციური სისტემის თითოეულ დასაქმებულს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და 21 მომსახურეს წარმატებული საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადასცა. იუსტიციის მინისტრის თქმით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფოს უსაფრთხოების და მართლწესრიგის საკითხში დიდი როლი აკისრია და ამ საპასუხისმგებლო მისიას უწყება წარმატებით ახორციელებს.

რატი ბრეგაძემ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიღწევები გააცნო. აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იმ ადამიანების კეთილდღეობაა, რომლებიც სასჯელის აღსრულებაზე ზრუნავენ. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომელთათვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში სისტემაში ხელფასები 118%-ითაა გაზრდილი; მომსახურეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო კვებითა და ჯანმრთელობის დაზღვევით; უსაფრთხო ტრანსპორტირებით, თანამედროვე სპორტული მოედნებით, სავარჯიშო სივრცეებითა და სატრენაჟორო დარბაზებით; აქტიურ რეჟიმში ხორციელდება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები.

იუსტიციის მინისტრმა ციხეებში 2012 წლამდე არსებული ვითარებაც გაიხსენა. მისი თქმით, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც პენიტენციურ სისტემაში პატიმრებს აწამებდნენ; როდესაც ღირსების შელახვას და არაადამიანურ მოპყრობას სისტემური ხასიათი ჰქონდა. დღეს ქართული ციხეები ევროპის მასშტაბით საუკეთესოა. რატი ბრეგაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების ადამიანური სახის ერთ-ერთი ზუსტი მაგალითი სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებია.

რატი ბრეგაძემ ციხის თანამშრომლებთან ერთად მადლობა გადაუხადა, ასევე, იმ პატიმრებს, რომლებმაც საკუთარი წარმატებული რესოციალიზაციით სხვა პატიმრებსაც მისცეს დადებითი მაგალითი.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ციხეებში განათლების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას. კერძოდ, პატიმრებს შეუძლიათ უმაღლესი განათლების მიღება „ციფრული უნივერსიტეტის“ საშუალებით, რომელიც ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (EuroPris) 3 საუკეთესო ინოვაციურ პროექტს შორის დაასახელა; პროფესიული ცოდნის შეძენა დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში; მათ მიერ შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია და შემოსავლის მიღება; სპორტის სხვადასხვა სახეობაში რეგულარული ვარჯიში და სპორტულ ფესტივალებში მონაწილეობა; წვდომა სახელმწიფო სერვისებზე იუსტიციის სახლის მეშვეობით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ინოვაციას წარმოადგენს.

პროგრესია პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში: სრულადაა დაძლეული ტუბერკულოზი; ხორციელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა; დანერგილია ინოვაციური სერვისი – ონლაინ კლინიკა, რაც პატიმრებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად ისარგებლონ სამოქალაქო კლინიკის სპეციალისტის კონსულტაციით.

გაუმჯობესებულია პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურა: გაიხსნა ლაითურის ციხე, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, აგრეთვე, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) რეკომენდაციებს; რუსთავში სრულდება მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა.

ამოქმედდა ახალი პენიტენციური კოდექსი, რომელიც აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ახალი პენიტენციური კოდექსის სიკეთეები თითოეულმა პატიმარმა უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმაც. მან სისტემის წარმატებაში რიგითი თანამშრომლების როლს გაუსვა ხაზი.

ღონისძიება იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე გაიმართა, რომელიც რეგიონის მასშტაბით უნიკალური სივრცეა უნივერსალური და სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების განხორციელებისათვის. მას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელი პირები, მოწვეული სტუმრები.

ორშაბათი, 09 სექტემბერი, 2024

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების პროფესიული დღე

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეხუთე სხდომა გამართა

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. კომისიას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს.

კომისიის წევრებმა მოისმინეს ანგარიში მედიამონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირების შესახებ.

სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვებოდა. კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ წევრი საჯარო უწყებების ხელმძღვანელები; აგრეთვე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების − „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI), „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.

ხუთშაბათი, 05 სექტემბერი, 2024

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას ხელოვნური ინტელექტის თაობაზე

ეს არის პირველი საერთაშორისო და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის ბალანსის უზრუნველყოფას.

დოკუმენტი ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს და განსაზღვრავს იმ ძირეულ პრინციპებს, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხელშემკვრელ სახელმწიფოებში. ამასთან, ის მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების უზრუნველყოფას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კონტექსტში.

რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იუსტიციისა და სერვისების მიწოდების სფეროში და, მეორე მხრივ, სათანადო სამართლებრივი რეგულაციების შექმნა, რათა ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სრულ შესაბამისობაში იყოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან. ამ მიზნით უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტრო გახსნის ხელოვნური ინტელექტის სამართლის ცენტრს.

აღნიშნულ კონვენციას, საქართველოსთან ერთად, ხელი მოაწერეს ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ანდორის, ისლანდიის, ნორვეგიის, ისრაელის, სან მარინოსა და მოლდოვის წარმომადგენლებმა.


რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მიწვევით ევროსაბჭოს მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს

კონფერენცია ეძღვნება საერთაშორისო დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას; განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს ეთმობა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა ოკუპაციაზე და ყურადღება გაამახვილა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მტკიცებულებების შეგროვების სირთულეებზე; ასევე, ინფორმაციისა და მტკიცებულებების დროული შეგროვებისა და საქმეში დამაგრების საჭიროებაზე.

მინისტერიალი ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ლიეტუვის რესპუბლიკის ორგანიზებით იმართება. საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში, აგრეთვე, არიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სალომე შაფაქიძე.

ორშაბათი, 26 აგვისტო, 2024

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირება. კომისიას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს.

სხდომაზე კომისიის წევრებს მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირების შესახებ მოუსმინეს.

კომისიის სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი. მის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ წარმომადგენლები საჯარო უწყებებიდან.

სხდომას, ასევე, ესწრებოდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების − „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI), „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.

ღონისძიებები

სექტემბერი , 2024
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30