ღონისძიებები

ორშაბათი, 04 სექტემბერი, 2023

საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის სფეროში 2022 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის იმპლემენტაციის მიზნით კონსულტაციათა მეორე რაუნდი გაიმართა

შვეიცარიის დელეგაციას საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სახელით იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა უმასპინძლა.
„საქართველოსა და შვეიცარიაში მიგრაციის მართვის სისტემები, პრაქტიკულად, იდენტურია, რაც ორმხრივი თანამშრომლობის წარმატების გარანტია“, – აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა შვეიცარიის მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების უფროს ქრისტინა პრობსტ-ლოპესთან შეხვედრისას.


მხარეებმა ორმხრივ კონსულტაციებზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: არალეგალური მიგრაციის პრევენცია, თავშესაფრის საკითხები, საპროექტო თანამშრომლობა და მემორანდუმით გათვალისწინებული სხვა მიმართულებები.

იუსტიციის სამინისტროს გარდა, სამუშაო შეხვედრაში ჩართული იყვნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხვადასხვა წევრი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

სამშაბათი, 22 აგვისტო, 2023

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრს შეხვდნენ

გერმანული დელეგაცია თბილისში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 2022-2025 წლების პროგრამის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც გასულ წელს ბერლინში საქართველოს და გერმანიის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია პენიტენციური სისტემა საქართველოში, რომელიც შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და ამ მხრივ ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება ძალზედ ღირებულია.

იუსტიციის სამინისტროს მიერ პენიტენციური სისტემის რეფორმის ახალი ტალღის დაწყებიდან დღემდე საქართველოს უკვე აქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები: ინფრასტრუქტურული პროექტების, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების, მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, თანამშრომელთა და პატიმართა პირობების გაუმჯობესების, პენიტენციური ჯანდაცვის შემდგომი განვითარების, პენიტენციურ სისტემაში IT ინფრასტრუქტურის გაძლიერების და თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდის კუთხით.

იუსტიციის სამინისტრომ, ასევე, შეიმუშავა ახალი პენიტენციური სტრატეგია და ახალი პენიტენციური კოდექსი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიდგომების დახვეწაა. ამასთან, შემუშავდა სპორტის მართვის სტრატეგია, რომელიც აყალიბებს პლატფორმას მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართვისთვის, რაც ცხოვრების ჯანსაღ წესსა და რეინტეგრაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს.

პენიტენციურ სისტემაში ახალი და ინოვაციური სერვისი „ონლაინ კლინიკა“ დაინერგა, რაც მსჯავრდებულებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე სწრაფ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

დაგეგმილია მცირე ზომის ახალი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა. მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება მცირე ზომის ლაითურის დაწესებულება, დაწყებულია მშენებლობა ქ. რუსთავში.

გერმანული მხარისთვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოში დანერგილი ინოვაციები – იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში, ონლაინ უნივერსიტეტი და ,,რე-მარკეტი“. გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრმა ბენიამინ ლიმბახმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლებში პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები აშკარად იგრძნობოდა უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს და მისასალმებელია საქართველოს მისწრაფება გაიზიაროს საუკეთესო ევროპული გამოცდილება.

ოთხშაბათი, 16 აგვისტო, 2023

გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტში წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 14 აგვისტოს №923 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 30 აგვისტომდე. კონკურსის თაობაზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/80551?active=1
კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის არჩევნებში, რომელიც 2024 წელს გაიმართება.
ბავშვის უფლებათა კომიტეტი მონიტორინგს უწევს ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიან შესრულებას.

სამშაბათი, 08 აგვისტო, 2023

იუსტიციის მინისტრმა აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 15 წელი გავიდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სასამართლოებში იცავს საქართველოს სამართლებრივ უსაფრთხოებას და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის.

კერძოდ,

  • სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია სახელმწიფოთაშორისი დავა რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს ომის საქმეზე;
  • რუსეთის ფედერაციას დაკისრებული აქვს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ;
  • მოგებულია ყველა (3.300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა.
  • აქტიურ ფაზაშია რუსეთის წინააღმდეგ საქმისწარმოება განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე;
  • ჰააგის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.
ხუთშაბათი, 03 აგვისტო, 2023

იუსტიციის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ 2023 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების ანგარიში წარადგინა

ანგარიშის განხილვა შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი ხელმძღვანელობდა.

სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისებზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით. კერძოდ, განხორციელდა საკანონმდებლო სისტემის რევიზია და მისი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან შესაბამისობის დადგენა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ელექტრონული სერვისებისა და ვებგვერდების მისაწვდომობის უზრუნველყოფა; შშმ პირთა უფლებათა დაცვის საკითხებზე სისტემის მასშტაბით თანამშრომელთა გადამზადება.

ანგარიში ანალიტიკურმა დეპარტამენტმა მოამზადა, რომელიც, ამავე დროს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოსაც წარმოადგენს. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულების პროგრესის შესახებ ისაუბრეს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმაც.

სხდომამ მოიწონა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2023 წლის სამოქმედო გეგმის აუდიოვერსია, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერას“ თანამშრომლობით ჩაიწერა. მისი მიზანი უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.

სხდომას ესწრებოდნენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები, რომლის შემადგენლობაში შედიან საბჭოს მოწვეული წევრები – შშმ პირთა წარმომადგენლობითი და არასამთავრობო ორგანიზაციები, შშმ თემის წარმომადგენლები, აქტივისტები, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულის, სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები.

ოთხშაბათი, 02 აგვისტო, 2023

სოციალურმა მუშაკებმა ტრეფიკინგის არასრულწლოვან მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და სერვისების მიწოდების სპეციფიკის შესახებ ტრენინგი გაიარეს

სწავლება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკებისთვის, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების თანამშრომლებისთვის ჩატარდა და მასში მონაწილეობა ზრუნვის სააგენტოს 28 წარმომადგენელმა მიიღო.

ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისათვის დამახასიათებელი ექსპლუატაციის ფორმებზე, ბავშვების ფსიქოლოგიური განვითარების სტადიებზე, არასრულწლოვან მსხვერპლთან კონტაქტის დამყარების ტექნიკასა და ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების საკითხზე.

შესაბამისი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება ამ საკითხებზე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი მიზანია ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სერვისების გაუმჯობესება და მათი რეაბილიტაციის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა.

ტრენინგი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით, ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა.

სწავლება პროექტის – „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) – ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით ახორციელებს.

კვირა, 30 ივლისი, 2023

30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა, რომელიც ყოველწლიურად გაერო-ს ეგიდით აღინიშნება და მიზნად ისახავს ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას

ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა, რომლის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს; განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.

საქართველოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების დადებითი შეფასება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და მისი წევრი სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, პროაქტიული გამოძიებისა და ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის ღონისძიებების გაძლიერებისაკენ.

შაბათი, 29 ივლისი, 2023

"მობილური იუსტიციის სახლი" მთელ საქართველოშია

მინისტრი რატი ბრეგაძე, პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილეები - ბექა ძამაშვილი და ბუბა ლომუაშვილი დაესწრნენ.

პროექტი სპეციალურად შემუშავდა ქალაქებისგან მოშორებით მდებარე დასახლებებისათვის და საშუალებას აძლევს სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, იუსტიციის სახლში მისვლის გარეშე, საკუთარი სახლის ჭიშკართან მიიღონ სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-ზე მეტი სერვისი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში მომსახურების გაცემის პროცესს დღეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილეები - ბექა ძამაშვილი და ბუბა ლომუაშვილი დაესწრნენ.

"მობილური იუსტიციის სახლის" პროექტი 2021 წლის სექტემბერში აჭარის რეგიონში დაიწყო და 2 წელზე ნაკლებ დროში მთელი საქართველო დაფარა. ის 10 რეგიონის – სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, გურიის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის – სოფელებს მოიცავს.

პროექტის ამოქმედებიდან დღემდე "მობილური იუსტიციის სახლის" სერვისებით 42 000 ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.

ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2023

გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტში წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 11 ივლისის №921 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 15 აგვისტომდე. კონკურსის თაობაზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/80232?active=1

კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის არჩევნებში, რომელიც 2024 წელს გაიმართება.

ადამიანის უფლებათა კომიტეტი პასუხისმგებელია გაერო-ს ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებასა და ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების მონიტორინგზე.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს და საქმიანობის შედეგები შეაჯამეს

რატი ბრეგაძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ წარადგინა უწყების პრიორიტეტები და სააგენტოს განვითარების ძირითადი მიმართულებები, რაც ითვალისწინებს ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას, დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებას, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურულ განახლებასა და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფას.

ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა პირველი ქართული ინოვაციური მოწყობილობა „Probbox“ – პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა; გაძლიერდა ადამიანური რესურსი; შემუშავდა პრობაციის ოფიცერთა ეთიკის კოდექსი; დაინერგა ახალი სარეაბილიტაციო პროგრამა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით; შინაპატიმრობის ეფექტიანი აღსრულების მიზნით შეიქმნა მობილური და 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგის ჯგუფები; მიმდინარეობს ოთხი ახალი პროგრამა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით, რაც ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.

დაწყებულია პრობაციის კოდექსის პროექტზე მუშაობა, რომელიც მოაწესრიგებს არასრულწლოვანთა რეფერირების, აღდგენითი მართლმსაჯულების, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის და პრობაციის მიმართულებებს მალე ამოქმედდება პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტი, რაც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კურატორმა მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა, მადლობა გადაუხადეს და დააჯილდოვეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები კეთილსინდისიერი სამსახურისა და დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხოლო მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ღონისძიების ბოლოს აჩვენეს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლი „მხატვარი კატოს ამბავი“.

ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებები

ივლისი , 2024
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5