ღონისძიებები
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი გაიხსნა
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლის რიგით 128-ე ფილიალი გაიხსნა. ჭალის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 600-ზე მეტი სერვისის მიღება თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობაში იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით შეეძლება.
იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, პარლამენტის წევრმა პაატა კვიჟინაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ საზეიმოდ გახსნეს.
ჭალის იუსტიციის სახლი სრულად ადგილობრივი საკადრო რესურსით დაკომპლექტდა. სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურა მოწყობილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით და შესაბამისი სტანდარტების დაცვით.
იმერეთის რეგიონში ამჟამად იუსტიციის სახლის 28 ფილიალი ფუნქციონირებს და ყოველწლიურად საშუალოდ 600 000-ზე მეტ მომხმარებელს აწვდის სერვისს; მაღალმთიანი და მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, იმერეთში სამი „მობილური იუსტიციის სახლი“ ოპერირებს და რეგიონის 74 სოფლის 10 000-მდე მცხოვრებს ემსახურება.
მიმდინარე წელს იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი აჭარაში, ხელვაჩაურშიც გაიხსნა, კიდევ ერთი ფილიალი კი, წლის ბოლომდე ქალაქ მცხეთას შეემატება. იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს წალენჯიხაში.
იუსტიციის სახლის ფილიალები და „მობილური იუსტიციის სახლები“ ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად 6 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურებიან, იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრი კი, 1 მილიონზე მეტ მომხმარებელს უწევს კონსულტაციას.
ჭალის იუსტიციის სახლის გახსნას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტამბოლის გლობალურ ფორუმზე სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სტამბოლში მიმდინარე გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ინიციატივით ტარდება.
იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა და ღონისძიების მონაწილეებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილება გაუზიარა. მისი თქმით, ამ პროცესის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია მართლმსაჯულების სფეროში, სადაც ეფექტიანობა და ხელმისაწვდომობა მჭიდრო კავშირში უნდა იყოს გამჭვირვალობასა და სამართლის უზენაესობასთან.
პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის საბოლოო მიზანი საჯარო ინსტიტუტებთან მოქალაქეების ურთიერთობის გამარტივებაა, რაც მათთვის უფრო სწრაფი, ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.
გლობალურ სამიტში OECD-ის წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების პირველი პირები მონაწილეობენ.
სამიტის ფარგლებში იუსტიციის პაატა სალია ხორვატიის იუსტიციის მინისტრ დამირ ჰაბიიანსაც შეხვდა. საუბარი შეეხო ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობას მართლმსაჯულების სფეროს ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, აგრეთვე, სამართლის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.
Geo
Eng