ღონისძიებები
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის, „სამართლის ინოვაციური ტექნოლოგიების“, პრეზენტაცია გაიმართა
პროექტის მიზანი სამართალშემოქმედებით საქმიანობაში ინოვაციური ციფრული ხელსაწყოს (digital tool) დანერგვაა. შედეგად, იუსტიციის სამინისტროში გაძლიერდება სამართალშემოქმედების პროცესი და მოხდება მისი ციფრული მართვა. ლიგალტექის პროგრამა „Logos“-ის გამოყენებით შესაძლებელი იქნება კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შექმნა, ნორმათა სტრუქტურის ციფრული ვიზუალიზაცია, დოკუმენტების ავტომატური გენერირება და პროცესების ავტომატიზაცია.
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის პროექტის წარდგენისას გერმანიიდან ჩაერთო ვიადრინას უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, ვენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი შტეფან ბრაიდენბახი. გერმანელი პროფესორი აღნიშნულ პროექტს ავტორებთან, შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი ხუბუასთან, ბტუ-ს სამართლის ტექნოლოგიების ასოცირებულ პროფესორსა და სამართლის ინჟინერ ლადო სირდაძესთან, ერთად განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მსგავს პროგრამას სამართალშემოქმედებით საქმიანობაში იყენებს გერმანიის იუსტიციის ფედერალური სამინისტრო.
იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგია და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგია ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სტანდარტებზე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან და ნარკოტიკების თაობაზე ევროკავშირის 2021-2025 წლების სტრატეგიასთან.
საბჭოს სხდომაზე ასევე დამტკიცდა 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც დაბალანსებული და ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკის (პრევენცია, მკურნალობა/რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება და მიწოდება/მოთხოვნის შემცირება) მიდგომებს იზიარებს და უზრუნველყოფს 8 წლიანი ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციას. ამასთან, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ნარკოვითარების 2021 წლის ეროვნული ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომელიც EMCDDA-ის სტანდარტით შეიმუშავა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა.
იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი უძღვებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის გატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, დაბალანსებული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება დროული რეაგირებისა და უწყვეტი ზრუნვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე - არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები.
საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება
დაბა ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში დასკვნითი შიდამოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადგილზე გაეცნენ.
ლაითურის ციხე მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებაა და გათვლილია 700-მდე პატიმარზე.
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობების უმაღლესი სტანდარტებით უზრუნველყოფა, ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების სამუშაო გარემოზე მუდმივი ზრუნვა - იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ლაითურის ახალი პენიტენციური დაწესებულებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ის სრულად მორგებულია როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებს.
ლაითურის პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წელს გაიხსნება, სადაც დასაქმდება 500-მდე ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მაცხოვრებლებიც
რატი ბრეგაძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას სისტემაში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა
მიმდინარე გამოწვევებსა და დაგეგმილ პროექტებზე მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ იმერეთის რეგიონის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელეს.
მინისტრმა თანამშრომლების საჭიროებები პირადად მოისმინა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები უწყების მიერ მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
მინისტრის თქმით, თანამშრომლების მხრიდან წინა შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებულია, გამოწვევები კი, გადაჭრილი. კერძოდ, განახლებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გათანაბრებულია რეგიონსა და ქალაქში მომუშავე თანამშრომლების ხელფასები.
არსებული სერვისების მუდმივად დახვეწა და რეგიონებში სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა იუსტიციის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ მიზნით ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას და იუსტიციის სახლების მშენებლობას უწყება 2023 წელსაც ინტენსიურად ახორციელებს.
შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი წარმატებით მიმდინარეობს
პროექტის - „მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის“ - პირველი ეტაპი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს და მას „თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოება“ უძღვება.
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ზემოხსენებული პროექტის მიზანი საგანმანათლებლო დაწესებულებებში იურიდიული განათლების პოპულარიზაცია, სამართლებრივი კულტურის გაძლიერება, სკოლის მოსწავლეებში მართლშეგნების დონის ამაღლება და მომავალი თაობის იურისტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაა.
თავდაპირველად სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტებიდან შერჩეული 30-მდე სტუდენტი 5-დღიან ტრენინგს გაივლის ადამიანის უფლებათა სფეროში. ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები კი, თბილისის, ბათუმის, ლაგოდეხისა და გორის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს გამართავენ.
იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს უწყებამ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.
ხაშურსა და ზესტაფონში იუსტიციის სახლების მშენებლობა გრძელდება
იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. ამ მიზნით იუსტიციის სახლის მშენებლობა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში – ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში მიმდინარეობს. ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები ხაშურსა და ზესტაფონში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილესთან, ერეკლე ღვინიანიძესთან, ერთად დაათვალიერა.
იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას ხაშურისა და ზესტაფონის მოსახლეობა უკვე მიმდინარე წელს შეძლებს და ყველა სახის სახელმწიფო მომსახურებას ერთ სივრცესა და კომფორტულ გარემოში მიიღებს.
მომსახურების დარბაზის გარდა, ახალ ფილიალებში თანამედროვე ინტერიერის საქორწინო-სარიტუალო სივრცე მოეწყობა. შენობებში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ ინფრასტრუქტურაში ფუნქციონირებენ.
ხაშურის ფილიალი შიდა ქართლის რეგიონში მეცხრე იუსტიციის სახლი იქნება, ზესტაფონის იუსტიციის სახლი კი, იმერეთში რიგით 23-ეა.
დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 117 იუსტიციის სახლი მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 470- ზე მეტ სერვისს სთავაზობს.
საქართველოს პირველი კონსტიტუციის 102 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის მიღებას მიეძღვნა იუსტიციის სამინისტროში გამართული მრგვალი მაგიდა: „საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია – მარადიული ღირებულებები“. ღონისძიების მონაწილეებმა – იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა, უწყებასთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა, საქართველოს უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების ხელმძღვანელებმა, სამართლის დარგის ავტორიტეტულმა ექსპერტებმა – საქართველოს პირველი კონსტიტუციის შესახებ იმსჯელეს.
მრგვალი მაგიდა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია დღევანდელობის გადმოსახედიდანაც გამოიყურება მოწინავე, კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ აქტად. პირველმა კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა საპარლამენტო მმართველობის სისტემას, პროპორციულ არჩევნებს, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას; აკრძალა სიკვდილით დასჯა და ადამიანის უფლებები უზენაეს ღირებულებად გამოაცხადა.
ღონისძიების ბოლოს დისკუსიის მონაწილეებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის სასაჩუქრე გამოცემა გადაეცათ, რომელიც სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება სისტემური ხასიათის იყო
2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა.
ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული დასკვნა ეფუძნება როგორც მომჩივან აკაკი ოჩიგავას მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ისე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფაქტების დამდგენი ვიზიტის საფუძველზე გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და დოკუმენტებს, ასევე, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
ამასთან, ევროპულმა სასამართლომ მიმოიხილა 2012 წლის სექტემბერში ქართულ მედიაში გავრცელებული კადრები ციხის სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის, გლდანის ციხეში (სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში) პატიმართა არასათანადო მოპყრობის/წამების შესახებ („ციხის სკანდალი“).
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან კიდევ ერთხელ დგინდება, რომ საქართველოს ციხეებში პატიმრების წამება ხდებოდა სისტემატურად, სხვებს შორის, შემდეგი ფორმებით:
- ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა – ე.წ. საკარანტინო პროცედურა;
- პატიმრების სისტემატური ცემა კვირაში რამდენიმეჯერ;
- ე.წ. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც მეტალის საწოლის გარდა არაფერი იყო და დღის განმავლობაში პატიმრებს უწევდათ ცემენტის იატაკზე ჯდომა. საწოლი აკეცილი და მიმაგრებული იყო კედელზე საკეტით. დაწესებულების თანამშრომლები საწოლს ხსნიდნენ და მომჩივანს ნებას რთავდნენ, გამოეყენებინა მხოლოდ საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე;
- პატიმრებს, ასევე, უწევდათ საკანში ერთდროულად რამდენიმე პატიმრის მოთავსების შემთხვევაში მთელი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა;
- პატიმრებისთვის საკვების მიღებისა და საპირფარეშოს გამოყენების შეზღუდვა;
- ოჯახის წევრებთან შეხვედრის გამუდმებით შეზღუდვა;
- პატიმრებისთვის სპეციალური სახის ჩაფხუტის ჩამოფარება და პირში ბურთის ჩაჩრა, რათა მათ არ ესაუბრათ;
- პატიმრებს შორის საუბარი დასაშვები იყო მხოლოდ ჩურჩულით.
ამ არასათანადო მოპყრობის მიზანი იყო პატიმრების მორჩილება ციხის ადმინისტრაციისადმი და მათთან თანამშრომლობის იძულება. მომჩივანმა აკაკი ოჩიგავამ წამების ზემოდასახელებული ფორმები საკუთარ თავზე გამოსცადა. ამასთან, 2011 წლის ნოემბერში მას განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, რის შედეგადაც დაუზიანდა ხერხემალი და დაკარგა სიარულის უნარი. აღნიშნულ ფაქტზე პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ გამომძიებელმა ურჩია, განეცხადებინა, რომ ტრავმა მიიღო საწოლიდან გადმოვარდნისას. მომჩივანმა ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც დაწესებულების თანამშრომლებმა ბეისბოლის ჩოგნით დაუმტვრიეს თითები. მისი თითები უმეტესწილად დეფორმირებული იყო მრავლობითი მოტეხილობების შედეგად. ამასთან, მომჩივანს არ გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, ერთ-ერთი ინციდენტის დროს ციხის თანამშრომლებმა იგი საშხაპე ოთახში გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომჩივანს ცემის გამო დაუკარგავს გონება, გონზე მოსვლის შემდეგ კი, თავი აღმოუჩენია ციხის მორგში მილზე ხელბორკილებით მიჯაჭვულს, გარდაცვლილებს შორის.
პენიტენციურ დაწესებულებაში ზემოხსენებული მოპყრობის შედეგად მომჩივანი 2014 წლის 28 მარტიდან არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი გლდანის ციხეში დაექვემდებარა წამებას და ეს წარმოადგენდა ნაწილს იმ დროს არსებული სისტემური ხასიათის წამებებისა, რომლებიც მთელი სისტემისთვის იყო დამახასიათებელი.
აღსანიშნავია, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები 2012 წლის ოქტომბრის სამთავრობო ცვლილებებამდე არ ახმაურებდნენ წამების შემთხვევებს როგორც არაპირადი, ისე პირადი (ოჯახური) კონტაქტების დროს. ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო სიტუაციის გაუმჯობესების იმედის ნაკლებობით, შემდგომი დასჯის შიშით და დაცვის მექანიზმების არაეფექტურობით. არასათანადო მოპყრობის შესახებ საუბარი აკაკი ოჩიგავამაც მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეძლო.
როგორც მომჩივანმა პროკურორთან განაცხადა, ის თავს საკმარისად დაცულად გრძნობდა, რათა საჩივარი შეეტანა გლდანის ციხეში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ციხის სკანდალისა და 2012 წლის ოქტომბრის სამთავრობო ცვლილებების შემდეგ.
საქართველოს პროკურატურის გამოძიების შედეგად აკაკი ოჩიგავას წამების ფაქტზე 2017 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა არაერთი პირი, ხოლო 2018 წლის 6 თებერვალს ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნენ დამნაშავედ. განაჩენი უცვლელად ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების მიერ. სხვა პირებთან ერთად, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი ყოფილი მსჯავრდებული აკაკი ოჩიგავა.
მიუხედავად ზემოთქმულისა, დარღვევის სისტემატურობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ ხარვეზები დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ ნაწილშიც (გამოძიების ვალდებულება), რადგან პასუხისმგებელ პირთა დაკავება და გასამართლება მოხდა გასაჩივრებული ფაქტების დადგომიდან 5 წლის შემდეგ, რაც მართლმსაჯულების აღსასრულებლად ხანგრძლივ ვადად შეფასდა.
სასამართლომ მომჩივანს მიაკუთვნა 20 000 ევრო მორალური ზიანისთვის.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე სტუდენტებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის სამართლებრივ ასპექტებზე ესაუბრა
ბექა ძამაშვილმა აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების პროცესში და რა სამართლებრივი პროცედურები რჩება გასავლელი ამ გზაზე.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ და იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნუგზარ დუნდუამ სტუდენტების კითხვებს უპასუხეს.
საზოგადოებასთან პირისპირ კომუნიკაცია აქტუალურ საკითხებზე იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. 2022 წლის განმავლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობამ საჯარო ლექციები გამართა საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავების თემაზე; წელს კი, უწყება ლექციათა ციკლს დამატებით საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებსა და მათ სამართლებრივ ასპექტებზეც გეგმავს.
საჯარო ლექცია „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტები“ ორგანიზაცია „ენკომთან“ თანამშრომლობით ჩატარდა.
მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობასაც მოემსახურება
„მობილური იუსტიციის სახლის“ გეოგრაფიული არეალი გაიზარდა. დღეიდან ის სამცხე-ჯავახეთის ხუთ სოფელსა და მათ შემოგარენში მცხოვრებ 10 000-მდე მომხმარებელს 470-ზე მეტ სერვისს მიაწვდის.
„მობილური იუსტიციის სახლის“ ახალმა ავტომანქანამ პირველი სერვისი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის მოსახლეებს მიაწოდა. მომსახურების გაცემის პროცესს პირადად აკვირდებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე. ერეკლე ღვინიანიძე მოქალაქეებს „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობაზეც ესაუბრა.
„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის 470-ზე მეტ სერვისს სთავაზობს იმ ათეულობით სოფლის მცხოვრებთ, სადაც იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს.
პროექტი 2021 წლის სექტემბერში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს მოიცავს.
სულ მალე „მობილური იუსტიციის სახლი“ ქვემო ქართლის მოსახლეობისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი, წლის ბოლომდე კი, „მობილური იუსტიციის სახლის“ 20 ავტომანქანა საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს.