თარიღი: 04.04.2023

იუსტიციის სამინისტრომ მოლდოვის რესპუბლიკის დელეგაციას სასწავლო ვიზიტით უმასპინძლა.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები ქართველი კოლეგებისაგან იზიარებენ გამოცდილებას იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიკაციისა და შემდგომი იმპლემენტაციისთვის ჩატარებული სამუშაოების შესახებ.

საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ, ქცევის კორექციის პროგრამები პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში – ეს ის საკითხებია, რომელთაც მოლდოვის დელეგაცია სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაეცნო.

სასწავლო ვიზიტი ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. ევროპის საბჭო მიიჩნევს, რომ მოლდოვის რესპუბლიკისთვის, რომელმაც სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება 2022 წელს მოახდინა, სამაგალითოა ფემიციდის მონიტორინგის ქართული მექანიზმი და ეროვნული კანონმდებლობის დონეზე კონვენციის იმპლემენტაციის ქართული მოდელი.


საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია 2017 წელს დაასრულა, რის შემდეგაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევითა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შეიქმნა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და მასზე რეაგირების ეფექტიანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ინსტრუმენტები.

საქართველოს გამოცდილების გაზიარება მოლდოვის რესპუბლიკას დაეხმარება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციაში, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლასა და ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენაში.
სასწავლო ვიზიტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.