თარიღი: 08.04.2024

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. ქართულმა მხარემ სტუმრებს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის და მის შემდგომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯების, ამ პროცესში შესაძლო გამოწვევებისა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე გაუზიარა გამოცდილება.

საუბარი შეეხო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში საქართველოს გამოცდილებას ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიც არის დოკუმენტების უსაფრთხოება და ამ მიზნით სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ განხორციელებული რეფორმები, ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგის) ბრძოლის ოთხსვეტოვანი სახელმწიფო პოლიტიკა და იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს როლი, ასევე, მიგრაციის მართვის სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პროცესში ერთიანი საკოორდინაციო მექანიზმის მნიშვნელობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტისა და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები.