თარიღი: 03.06.2022

,,ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოება და საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად სამართლებრივი ბრძოლა" არის იუსტიციის სამინისტროს საჯარო ლექციების კურსი, რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიაციატივით 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ამბროლაურში დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. საჯარო ლექციების ციკლი ამჯერად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წარადგინა და მსმენელებს სიტყვით მიმართა.

„ჩვენ დავიწყეთ ლექციების ციკლი სიმბოლურად 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს. გვსურს, რომ ახალგაზრდებმა, პირველ რიგში, და ყველა დაინტერესებულმა პირმა მიიღოს ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა სამართლებრივი კუთხით; რა კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტი იყოს მაქსიმალურად დაცული; ასევე, რა გზას გადის სახელმწიფო, ადამიანები, რომლებიც დასაქმებული არიან იუსტიციის სამინისტროში და სხვადასხვა საჯარო სტრუქტურაში იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოება იყოს დაცული, და მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და მისი ტერიტორიები არის ოკუპირებული. იმის თქმის უფლება, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, გახდა შესაძლებელი როგორც მთლიანად მთავრობის, ისე იუსტიციის სამინისტროს წარმატებული მუშაობის შედეგად სწორედ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. სახელმწიფო არ არის არცერთი მთავრობის კუთვნილება – ეს არის ხალხის საკუთრება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბექა ძამაშვილმა მსმენელებს იმ რთული და წარმატებული ბრძოლის შესახებ ესაუბრა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში – სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებდა.

მან განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს შემდგომი დეოკუპაციისთვის იმ ფაქტებს, რომ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოები გადაწყვეტილებებში აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ადასტურებენ, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ასევე რა სამართლებრივ ბერკეტებს აძლევს საქართველოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის დადასტურება.

საჯარო ლექციას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები − თამარ ტყეშელაშვილი, ერეკლე ღვინიანიძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილეები, საჯარო მოხელეები, სტუდენტები, აკადემიური წრისა და კადეტთა კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.