იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმელებს ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ


იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის იმ წევრებს, რომლებიც 2008 წლის საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ომის ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ. მოწმობები ვეტერანებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ გადასცეს.

„დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. 2008 წლის ომის მონაწილე პირები, რომლებიც იყვნენ თანამშრომლები იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა, არ სარგებლობდნენ ვეტერანის სტატუსით, რადგან ამას არ ჰქონდა შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი. შესაბამისი საფუძველი გაჩნდა გასული წლის მიწურულს და დღეს უკვე ამ პირებს გადაეცათ ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და მადლობა გადაუხადა ყველა ვეტერანს საქართველოს წინაშე გაწეული სამსახურისა და ქვეყნისთვის თავდადებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრები 2008 წლის ომში აქტიურად მონაწილეობდნენ, მათ ომის მონაწილის სტატუსი არ ჰქონდათ, რადგან „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონში არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი ნორმა. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით, იუსტიციის სამინისტროში მომზადდა ცვლილებები აღნიშნულ კანონში და ის პარლამენტს წარედგინა. საკანონმდებლო ორგანოში პროექტი გასული წლის ბოლოს დამტკიცდა.

08.06.2022