თარიღი: 07.09.2022

იუსტიციის მინისტრმა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მარტინ ჰეგერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისთვის, როგორც გერმანული აკადემიის კურსდამთავრებულისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ-გერმანული აკადემიების დაახლოების პროცესი. აქვე მან მადლიერება გამოხატა ქართველი სტუდენტების გერმანიაში სწავლის შესაძლებლობისთვის.


რატი ბრეგაძემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება სამართლის ინფორმატიკის კურსი. საქართველოში სამართლის ეს მიმართულება არ ისწავლება იურიდიულ ფაკულტეტებზე. იუსტიციის მინისტრმა მარტინ ჰეგერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საინტერესო იქნება ამ კუთხით ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ჩართულობა ასევე გერმანული გამოცდილების გაზიარება კრიმინოლოგიის მიმართულებით.


რატი ბრეგაძემ ისაუბრა იმის შესახებაც, რომ იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული მიდგომაა, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში, მართლმსაჯულებისა და სამართლის უზენაესობის პროექტები ემყარებოდეს მტკიცებულებებს, მეცნიერებას, ანალიტიკასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს. ამ მიდგომის მხარდასაჭერად 2021 წელს დაფუძნდა ორენოვანი სამართლებრივი ჟურნალი „იუსტიცია“, სადაც ქვეყნდება სამეცნიერო ნაშრომები; გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან; დაფუძნდა იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო.


იუსტიციის სამინისტრომ გააფორმა მემორანდუმები ადგილობრივ უნივერსიტეტებთან. აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებს კი ექნებათ შესაძლებლობა პრაქტიკა გაიარონ იუსტიციის სამინისტროში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ინტელექტუალური რესურსის მოზიდვას და განვითარებას.


ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილეები ბუბა ლომუაშვილი, ბექა ძამაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია.