თარიღი: 12.09.2022

ევროინტეგრაციის პროცესში მიგრაციის მენეჯმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივან ნიკოლ დე მურს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე ქეთევან ბეთლემიძე, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჯაში და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

მხარეებმა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს.

ბელგიის დელეგაცია დაინტერესდა იუსტიციის სახლის სერვისებითაც. იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ დელეგაცია იუსტიციის სახლს ეწვია და ადგილზე გაეცნო სახელმწიფო სერვისების გაცემის კონცეფციას.