თარიღი: 27.02.2023

იუსტიციის სამინისტრო უშუალოდ არის ჩართული საქართველოსა და კანადას შორის საინვესტიციო შეთანხმების პროცესში, კერძოდ, ინვესტორთა წახალისებისა და დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებასა და საინვესტიციო დავების გადაჭრის ქმედითი მექანიზმების დანერგვაში. მხარეებს შორის უკვე შედგა მოლაპარაკების ხუთი რაუნდი.

პროცესში, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს, იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო მინდიაშვილი და არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ანთია მონაწილეობდნენ.

შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოში ხარისხობრივი ინვესტიციების შემოდინებას, რაც უზრუნველყოფს ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს; ასევე, წაახალისებს კანადელ ინვესტორებს, დაინტერესდნენ საქართველოს ეკონომიკით ან გაზარდონ არსებული ინვესტიციები.

მორიგი მე-6 რაუნდის ჩატარება მიმდინარე წლის მეორე ნახევარში იგეგმება.