თარიღი: 16.11.2021

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსჯავრდებულ სააკაშვილის ჯანმრთელობას ექიმების დამატებითი ჯგუფი დააკვირდება. ეს განცხადება რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ და მას სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევენ“, – აღნიშნა მინისტრმა.

საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად მედიკოსები, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, საზოგადოებას ყოველდღიურად გააცნობენ ინფორმაციას.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და იმის გათვალისწინებით, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამით წერტილი დაესმება ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.